ინტერპრეტირებისთვის მცირედი სივრცეც არ უნდა დარჩეს - პრემიერ-მინისტრი დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე თამარ ბაჩალიაშვილის დაღუპვის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდა გოგოს გაურკვეველ პირობებში გარდაცვალება უმძიმესი ტრაგედიაა, ეს ოჯახის ფარგლებს ცდება და ქვეყნის ტრაგედია ხდება. მისი თქმით, ყველანი უნდა გავუფრთხილდეთ ოჯახებს.
პრემიერი შსს-ს მოსახლეობის პროაქტიურ ინფორმირებას და სწრაფი, ეფექტური გამოძიების ჩატარებას ავალებს.
არ უნდა დარჩეს არც ერთი სივრცე იმისთვის, რომ ზოგიერთმა გამოიყენოს გარკვეული სპეკულირებისთვის. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სწრაფი, ეფექტური გამოძიება, მაგრამ ამასთან ერთად დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება პროაქტიური ინფორმირებულობა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ოჯახის, შემდგომ საზოგადოების. თითოეულ საგამოძიებო სტრუქტურას მოგიწოდებთ, იყოთ პროაქტიური ინფორმაციის გაზიარებისთვის ჩვენი მოქალაქეებისთვის, რამეთუ არ დავტოვოთ მცირედი სივრცეც ინტერპრეტირებისთვის, იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ეს არ გვჭირდება, - განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, ყველამ იცის, რო გამოძიებასთან დაკავშირებული პრობლემები ქვეყანაში არსებობს და სისტემური განახლება და რეფორმები შსს-ში სწორედ ამიტომ დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სახლიდან შაბათს გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიციამ დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის პაროლი ვერ დაადგინა და დახმარება ისევ ოჯახს სთხოვა. გარდაცვლილის მამის ინფორმაციით, სპეციალისტებმა, კომპიუტერში მხოლოდ გაუჩინარებიდან 5 დღის თავზე შეაღწიეს.