
სამი ოპოზიციური პარტიის მიერ დაგეგმილ აქციას, რომელიც თბილისში, 24 თებერვალს გაიმართება, საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებიც შეუერთდებიან. ამ თემაზე ბრიფინგზე "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, ისინი აქციის თანაორგანიზატორები არიან.
"24 თებერვალი არის უკრაინის ახალი, გმირული ისტორიის დასაწყისი, თავგანწირული ბრძოლის თითოეული ჩვენი მოქალაქისა ქვეყნის თავისუფლებისა და მომავლისათვის. მრავალი ერი და ქვეყანა მხარში უდგას უკრაინას ამ ბრძოლაში, არა მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინა მთელი ევროპის მშვიდობიანი მომავლისთვის იბრძვის. ჩვენ მადლობელი ვართ ყველასი. განსაკუთრებით ქართველი ხალხის, რომელიც თავად იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ 90-იანი წლებიდან. საქართველოს მოქალაქეებისთვის განსაკუთრებით ახლოა ჩვენი ტკივილი და ჩვენი სწრაფვა გამარჯვებისა და უკრაინის გამთლიანებისკენ თავისუფლების, მშვიდობისა და დამოუკიდებლობის დროშის ქვეშ.
ამიტომ მოვუწოდებთ ყველა თბილისელს და სხვა ქალაქების მცხოვრებლებს, ჩვენს მეგობრებს, შემოუერთდნენ უკრაინის მხარდამჭერ აქციას 24 თებერვალს, 7 საათზე რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!", - თქვა ბრიფინგზე უკრაინის მოქალაქემ.
აქცია რუსთაველზე 19:00 საათზე გაიმართება.