
კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ რუსეთი არ ცნობს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) იურისდიქციას. ამ ფორმით მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, როგორ უპასუხებს კრემლი ინფორმაციას, რომ სასამართლო ემზადება უკრაინაში რუსული ომის დანაშაულის ორი საქმის გახსნისთვის.
"ჩვენ არ ვცნობთ ამ სასამართლოს, ჩვენ არ ვაღიარებთ ამ სასამართლოს იურისდიქციას. ასე ვექცევით მას", - განაცხადა პესკოვმა.
პესკოვმა გაიმეორა რუსული ნარატივი, რომ მრავალი წლის მანძილზე არც ერთი საერთაშორისო სასამართლო არ მიუქცევია ყურადღება "უკრაინელი ნაციონალისტების" მიერ დონბასში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაზე, ინფრასტრუქტურის განადგურებაზე.
მანამდე The New York Times-მა ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰააგის სასამართლო აპირებს უკრაინაში რუსული "ომის დანაშაულების" ორი საქმის აღძვრას უახლოეს მომავალში.