ჰააგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ ვლადიმერ პუტინი საერთაშორისო ძებნილია, რუსეთის ფედერაციის პრეზიდნეტს ბრალი ედება ომის დანაშაულში - კერძოდ უკრაინელი ბავშვების ორგანიზებულ გატაცებაში. ასეთი თავხედური, ბოროტი და ცინიკური დანაშაული მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის კონტინენტს აღარ უნახავს.
უკრაინაში ომის დაწყებამდე ამგვარ მომავალს ვერავინ უწინასწარმეტყველებდა რუსეთის პრეზიდენტს, მიუხედავად იმისა, რომ სისასტიკეს მისი სახელით რუსული არმია საქართველოშიც ჩადიოდა, სირიაშიც და დონბასშიც. თითქოს ცივილიზებული სამყარო, წესებსა და კანონებზე დაფუძნებული სამყარო ერთგვარად ტოვებდა სივრცეს იმისთვის, რომ კრიმინალური სამყაროდან პოლიტიკაში გადმოსულ მაფიოზური გაგების ლიდერს უკან დახევის ან მანევრის ღირსეული სივრცე მოენახა. ჰააგის ვერდიქტი კი მისთვის პოლიტიკური სასიკვდილო განაჩენია. გასაგებია, რომ პუტინის ძებნაზე გადაცემა დღეს უფრო სიმბოლური აქტია, ვიდრე პრაქტიკული.
მაგრამ ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ ამერიკის ან საფრანგეთის პრეზიდენტი ურეკავს ძებნილს, ან ჩინეთის პრეზიდენტი ღია მხარდაჭერას უცხადებს ადამიანს, რომელიც მსოფლიოს 123 ქვეყანაში ძებნილია. მით უმეტეს სამართლებრივად დაუშვებელიც კია ის, რომ ასეთი სტატუსის ადამიანი მომავალში რაიმე სახის სამშვიდობო მოლაპარაკების მაგიდასთან ვიხილოთ. ჰააგის ეს გადაწყვეტილება პერსონალურად პუტინისთვის - დასასრულის დასაწყისია. ეს გზა კი 21-ე საუკუნის ნიურბერგამდე პუტინისთვის სულ უფრო მოკლდება.