ბაჩალიაშვილის კომპიუტერის შესასწავლად ადვოკატი აშშ-ს ფედერალური ბიუროდან ექსპერტების მოწვევას გეგმავს

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და მისი ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი საქმეში ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ბიუროს ჩართვას ითხოვს. ბაჩალიაშვილების ოჯახის ინტერესების დამცველმა ამ თხოვნით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმართა. მიხეილ რამიშვილი ფიქრობს, რომ სწორედ ფედერალური ბიუროს ექსპერტების დახმარებით უნდა მოხდეს პროგრამისტის კომპიუტერის გახსნა.

მიდის კონსულტაციები, თუ რა ფორმით შეიძლება მოვახერხოთ და ამერიკის ფედერალური ბიუროდან ექსპერტები ჩამოვიყვანოთ, სრულად იცის გამომძიებელმა, რომ თუ მოხდება ავტომობილის ექსპერტიზა ჩემი თანდასწრების გარეშე, პასუხისმგებლობა დაეკისრება ხელისუფლებას და ძალოვან სტრუქტურებს, - თქვა მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატის თქმით, თუ კითხვებს პასუხები არ გაეცემა და გამოძიება სწორი გზით არ წავა, დავა სტრასბურგში გადაინაცვლებს.

სატელეფონო ზარები დღემდე არაა ამოღებული, ასევე, სამუშაო კომპიუტერი, გამოძიების მიმართ მაქვს მოთხოვნა, რომ ყველაფერი ჩატარდეს ობიექტურად, დროულად, რაც შეიძლება სწრაფად და ყველაფერს გაეცეს საკადრისი პასუხი, რადგან გამოძიების მიმართ რაც დრო გადის, მეტი და მეტი კითხვა გვიჩნდება, - თქვა ბაჩალიაშვილის ბიძამ.

თამარ ბაჩალიაშვილი  18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გუშინ, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

კომპანია ZAG-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

ცნობისთვის, 25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად სცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი