დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი საქმეში ამერიკის ფედერალური ბიუროს ექსპერტების ჩასართავად მოლაპარაკებებს საქართველოში ამერიკის საელჩოსთან მართავს. ადვოკატს სურს, რომ ექსპერტები ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერის გახსნაში ჩაერთონ.
სურვილი მაქვს, რომ ამერიკის ფედერალურმა ბიურომ გახსნას ნოუთბუქი და დაესწროს ადვოკატი, ასევე, მანქანას, როცა ექსპერტიზაზე გადაიყვანენ, დაესწროს ადვოკატი. არ ვენდობი ქვემო ქართლის პოლიციას, მინდა, რომ საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიძიოს, - თქვა დაღუპულის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.
ადვოკატის თქმით, კატეგორიული მოთხოვნა აქვს, რომ ექსპერტიზა მისი თანდასწრების გარეშე არ ჩაატარონ.
რაც შეეხება ამერიკის ფედერალური ბიუროს მიმართებაში, მე უკვე მქონდა კონტაქტი გარკვეულ პირთან, რომლისგანაც ვითხოვ, ის პროცედურა დეტალურად იქნას გადმოცემული, თუ რა ქმედებები უნდა განხორციელდეს. ვერ ხერხდება კომპიუტერის გახსნა და მაინც სახიფათოა, შეიძლება ამას ინფორმაციის წაშლა მოჰყვეს, - თქვა მიხეილ რამიშვილმა.
დახმარების სურვილს გამოთქვამს კომპნია ZAG-ი, სადაც ბაჩალაიშვილი მუშაობდა და რომელიც საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის გამო დახურულია. ადვოკატის თქმით, გამოძიებას ამ დრომდე წაღებული აქვს თანამშრომლების ტელეფონები და პირადი კომპიუტერები.
თამარ ბაჩალიაშვილი კი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გუშინ, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
კომპანია ZAG-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.
ცნობისთვის, 25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად სცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.