თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გაჩერებას არ აპირებს - გარდაცვლილი გოგონას მშობლების თქმით, მათ არ აქვთ პასუხი, რა შეემთხვა მათ შვილს, არ აქვთ პასუხი მიიყვანეს თუ არა 23 წლის თამარი თვითმკვლელობამდე, რატომ ვერ პოულობდნენ დაკარგულ ახალგაზრდას 5 დღის განმავლობაში - გამოძიების უმოქმედობის ფონზე ოჯახი არ გამორიცხავს, რომ სამართლის საძიებლად ისევ ქუჩაში მოუწიოს გამოსვლა და საქმეში უცხოელი ექსპერტების ჩართვას ითხოვს.
ბაჩალიაშვილის მამის თქმით, გოგონას გაუჩინარებიდან ორი კვირის შემდეგ და გამოძიების დაწყებიდან 10 დღეში, მათ არანაირი პასუხი არ აქვთ და მისი თქმით, გოგონას გაუჩინარების დღეებში გამართული აქცია მოგონილი იქნება.
როგორც გზა გადავკეტეთ, მანქანა გამოჩნდა, როგორც ფედერალები ჩავრთეთ, ეგრევე კომპიუტერი გახსნეს. გზაც გადაიკეტება და ყველაფერი იქნება. დიდი ტალღა მოვა, ესე არ გაჩერდება, მივმართავ ყველანაირ ძალას, აღარ მჯერა ამ გამოძიების, - ამბობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.
ბაჩალიაშვილების ადვოკატს პოლიციამ ამ დრომდე არ გადასცა დრონის ჩანაწერები, რომელიც, წესით, სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობას უნდა ასახავდეს. რამიშვილი ამბობს, რომ მან გამოძიების დაწყების დღესვე მოითხოვა ეს მასალები და მისი მოსაზრებით, საძიებო სამუშაოების ამსახველი მასალა საქმეში იმიტომ არ დევს, რომ ისინი არც მიმდინარეობდა.
ეს ნიშნავს, რომ რაც ჩანაწერები ყოფილა დაწყებული, დრონის მიერ, ეს ჩანაწერები არ აქვთ, როგორ შეიძლება, სამძებრო სამუშაოების პერიოდში, თუ ეძებდნენ, როგორც განაცხადეს, დრონის მიერ ლოკაციები გადაღებული იყო, საქმეში არ დევს. გამოდის, რომ არ ჰქონია და როგორც განაცხადეს, ახლა ხორციელდება ჩემი შუამდგომლობის საფუძველზე გამოთხოვა ამ ჩანაწერების, - თქვა მიხეილ რამიშვილმა.
თამარ ბაჩალიაშვილი კი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გუშინ, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
კომპანია ZAG-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.
ცნობისთვის, 25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად სცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.