ბაჩალიაშვილის საქმე - ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის დედა დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მოკლეს ან თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. თეონა თამაზაშვილი ეჭვობს, რომ თამარის ბუნდოვანებით მოცული გარდაცვალება მის პროფესიას უკავშირდება და ის გარკვეული სქემის გაშიფვრის შემდეგ პოტენციურ მსხვერპლად იქცა. უცნობ ტერიტორიაზე შესახვედრად კი კონკრეტულ პირთან წავიდა, რათა ისევ ოჯახი დაეცვა.

თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გამოძიებას სთხოვენ და საქმეში ფედერალური ბიუროს გამომძიებლების ჩართვას ითხოვენ. მათი თქმით, გამოძიების მიმდინარეობა ეჭვს, რომ საქმის გახსნა ჭიანურდება, კიდევ უფრო საფუძვლიანს ხდის.

ოჯახის ადვოკატი არ დაასწრეს დალუქული კომპიუტერისა და პაროლის გახსნას, სწორედ ამიტომ, მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ თამუნა ბაჩალიაშვილის ლეპტოპი, სახლიდან ამოღებისთანავე გაიხსნა. ამ ეჭვს უკავშირებს ​ბაჩალიაშვილის Facebook-ის წაშლასაც და პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცნობილ ფრაზასაც, რომელიც მან ცხედრის აღმოჩენამდე გოგონას მამას უთხრა.

გარდა ამისა, რამიშვილი ეჭვობს, რომ პოლიციის სამძებრო სამუშაოებში არ იყო ჩართული და ოჯახს ატყუებდნენ, რომ თეთრიწყაროს ტერიტორიას დრონებით ათვალიერებდნენ.

საქმის მასალების გადაცემას ელოდება ცენტრი ემპათიაც, რომელიც უკრაინელ ექსპერტ გალინა კარმუშინასთან ერთად მუშაობს. ცენტრის დირექტორის განცხადებით, დამოუკიდებელ ექსპერტს აღებული აქვს სპეციალური სინჯები, რომელმაც ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ზუსტი დრო უნდა დაადგინოს.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გაჩუმებას არ აპირებს. დედა ამბობს, რომ მისთვის შვილის დაკარგვა ორმაგად მტკივნეულია, რადგან არასათანადო სამძებრო სამუშაოების გამო გარდაცვლილი შვილის ნახვაც ვერ შეძლო. ოჯახი ობიექტურ გამოძიებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს აანონსებს.

თამარ ბაჩალიაშვილი კი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გუშინ, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

კომპანია ZAG-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

ცნობისთვის, 25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად სცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი