ზურაბიშვილმა გადადგას ევროპული ნაბიჯი და შეიწყალოს ნიკა გვარამია - ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას მუსიკოსები და მსახიობები შეუერთდნენ

გამოქვეყნდა:

"ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას" დღეს ხელოვანები შეუერთდნენ. მათ განცხადება დედა ენის ბაღში გააკეთეს და კიდევ ერთხელ მოითხოვეს გათავისუფლდეს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, რომელიც მე-11 თვეა ციხეშია.

"დღეს ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნას და შესაბამისად ამ მოძრაობას უერთდებიან სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, მომღერლები, მსახიობები, რაც ჩვენთვის ძალიან საამაყოა, ვინაიდან მათი სიტყვა და მათი პოზიცია ძალია მნიშვნელოვანია ამ ძალიან რთულ გზაზე", - თქვა მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბაჩანა შენგელიამ. 

განცხადება გააკეთა საოპერო მომღერალმა, პაატა ბურჭულაძემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ნიკა გვარამია "ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის გარეთაც საშიშია და ციხეშიც. მან პრეზიდენტს მოუწოდა, ნაკლები ილაპარაკოს და მეტი საქმე გააკეთოს - შეიწყალოს ნიკა გვარამია.

"ერთი რამ უნდა ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერ მოუნახა ადგილი ამ ადამიანს, გარეთ არის მისთვის პრობლემაა, ციხეშია, იგივე პრობლემაა. ასე რომ, ჩემი რჩევა იქნება მისდამი და მთელი "ქართული ოცნებისადმი", რომ ბატონებო თქვენი სისტემა დალპა, ხომ ხედავთ თქვენ მოსამართლეებს არ ენდობიან არც საქართველოში არც საზღვარგარეთ. გადადგით სწორი ნაბიჯი და დროზე გამოუშვით ნიკა, ის ისეთივეა ზუსტად თქვენთვის, გინდ ციხეში მჯდარა, გინდ გარეთ, თქვენთვის არის საშიშროება, ყველა ვარიანტში. კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ნაკლები ილაპარაკოს და მეტი საქმე გააკეთოს, მაგისთვის გვყავს ჩვენ დღეს მაგ თანამდებობაზე", - თქვა ბურჭულაძემ. 

მოძრაობას უერთდებიან თამრიკო ჭოხონელიძე, ლელა წურწუმია, მერაბ სეფაშვილი, გიორგი უშიკიშვილი, ნინა სუბლატი, ლექს-სენი, ეკა დემეტრაძე, ნანკა კალატოზიშვილი, პაპუნა შარიქაძე და სხვები. 

"ძალიან კონკრეტული ვიქნები, მე მინდა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მივმართო, გადადგას ევროპული ნაბიჯი და შეიწყალოს ნიკა გვარამია, რომელიც ძალიან ჭირდება ჩვენ ქვეყანას", - თქვა ლელა წურწუმიამ. 

ბაჩანა შენგელიამ აღნიშნა, რომ ათასობით ადამიანი უერთდება მოძრაობას და ითხოვს, რომ ნიკა გვარამია გათავისუფლდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი