"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ პარტიის სხვა წევრებთან უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების დავით ქუჩუკიანისა და მიხეილ მაზანაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. პარტიის წევრები ქარელის სოფელ ბებნისში და გორის სოფელი ზერტში იმყოფებოდნენ.
უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს ხვალ სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
"უკრაინაში მებრძოლი ჯარისკაცები იბრძვიან საქართველოსთვის, იბრძვიან მშვიდობისთვის და ისინი არიან ქართველი გმირები. თავი შესწირეს მშვიდობისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას. ისტორიას აუცილებლად დარჩება მათი სახელი, როგორც ქართველი გმირები, ტერორისტ რუსეთთან მებრძოლი ჯარისკაცები", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, უკრაინაში დაღუპული დავით ქუჩუკიანი უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის დაწყებიდან იბრძოდა და 4 აპრილს ბახმუტთან შეტაკებას ემსხვერპლა. ის სამშობლოში 13 აპრილს ჩამოასვენეს. ერთი დღის შემდეგ საქართველოში გადმოასვენეს კიდევ ერთი დაღუპული მებრძოლი მიხეილ მაზანაშვილი. არსებული ინფორმაციით, ის ბახმუტთნ ჭურვის აფეთქებისას დაიღუპა.