
უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი ამბობს, რომ რომის პაპი ფრანცისკე უკრაინაში მიიწვია. მისივე თქმით, ვატიკანში გამართულ მოლაპარაკებებზე კიევის მშვიდობის ფორმულა განიხილეს.
რომში გამართულ პრესკონფერენციაზე შმიგალმა განაცხადა, რომ საუბარი შეეხო უკრაინის მხარდაჭერის სხვადასხვა ასპექტს.
უკრაინის პრემიერის თქმით, პაპს დახმარება სთხოვა რუსეთში ან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაყვანილი ათასობით ბავშვის სამშობლოში დაბრუნებაში.
"ვთხოვე უწმინდესს დახმარება უკრაინელი ბავშვების სახლში დაბრუნებაში, რომლებსაც დანაშაულებრივი გზით აკავებენ, აპატიმრებენ, ასახლებენ რუსეთში", - განაცხადა მან.
რომის პაპმა ფრანცისკემ წარსულში თქვა, რომ სურს ეწვიოს კიევს, ასევე, მოსკოვს სამშვიდობო მისიით.