
დეტალურად ჩვენ რა ვიცით, ყველაფერი აინტერესებდათ. მოვუყევით ეს ყველაფერი და დანარჩენს ახლა დაველოდოთ გამოძიებას, როგორ იქნება, - ამის შესახებ კრიმინალურ პოლიციაში შეხვედრის შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა ისაუბრა.
23 წლის პროგრამისტის ოჯახმა და მათმა ადვოკატმა პოლიციის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვეს. ოჯახი მედიასთან მხოლოდ მცირე კომენტარით შემოიფარგლა, მათმა უფლებადამცველმა კი თქვა, რომ კრიმინალურ პოლიციას საქმის მასალები სწორედ დღეს გადაეცა და მიშა რამიშვილმა მათგან მიიღო პირობა, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხს მიიღებს. ადვოკატის თქმითვე, დღევანდელ შეხვედრაზე სამართალდამცველები გააფრთხილა, რომ ბაჩალიაშვილის მანქანას მის გარეშე არ შეამოწმონ.
აბსოლუტურად დეტალურად გვქონდა საუბარი ბატონ მამუკა ჭელიძესთან, იმ ახალ საგამოძიებო ჯგუფთან, რა პირობებში მიმდინარეობდა სამხარეო პოლოციაში გამოძიება იმ არანორმალურ მდგომარეობასთან, იმ ყველაფერთან, დროის გაჭიანურებასთან, რაც იყო. უფრო სწორად, ყველა კითხვა დავუსვით და დაუსვეს ოჯახის წევრებმა და გვითხრეს ასეთი რამ, რომ მათი მხრიდან იქნება ყველაფერი, ყველანაირად ეცდებიან, რომ უმოკლეს ვადაში იმ კითხვებს გასცენ პასუხები, მოძიებული იქნეს ყველაფერი, რომ დადგინდეს რა იყო გამოწვეული...
ჯერ არაფერია დადგენილი. ვერაფერზე პასუხი ვერ გაგვცეს იქიდან გამომდინარე, რომ დღეს გადმოიტანეს საქმის მასალები.. შუამდგომლობები დაკმაყოფილებულია, მაგრამ როდის იქნება გადმოცემული, როდის იქნება ამოღებული, ჯერ არ არის მაგაზე პასუხი.. ჩვენ გვქონდა კითხვები, რატომ მოხდა ყველაფერი ეს სამხარეო პოლიციაში.. მეტი არაფერი არ იყო აქ დღეს. გამოძიებას ვენდობით იმ შემთხვევაში, როდესაც დაიწყება შესაბამისი ქმედების განხორციელება ხომ? ახლა როგორ შეიძლება მე ნდობა/არ ნდობაზე ვილაპარაკო...
გვითხრეს, რომ ყველანაირ პირობებს შეგვიქმნიან, რომ გვქონდეს კონტაქტი. ყველანაირ პირობას შემიქმნიან, რომ ნებისმიერ დროს მოვიდე, ნებისმიერ კითხვაზე მივიღო პასუხი. არ ვიყო ბიბლიოთეკაში, როგორც მიწევდა ყოფნა. ნებისმიერი მოთხოვნა იქნება დაკმაყოფილებული - ეს მითხრეს და ვნახოთ... - ამბობს მიხეილ რამიშვილი.
ეს იყო პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც ბაჩალიაშვილების მოთხოვნით საქმე ქვემო ქართლის სამმართველოდან ცენტრალურ კრიმინალურ პოლიცია პოლიციას გადაეცა.
თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გუშინ, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
კომპანია ZAG-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.