"მთავარი არხის" ერთ-ერთი მფლობელის, პატიმარ გიორგი რურუას არ შეწყალებაზე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ოპოზიცია აფასებს. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ზურაბიშვილი არც ამ გადაწყვეტილებაში ყოფილა დამოუკიდებელი და ის ბიძინა ივანიშვილის დავალებას ასრულებდა.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი დეპუტატი, სერგი კაპანაზე ამბობს, რომ მსგავს გარემოში ჩატარებული არჩევნები საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან დემოკრატიულად და თავისუფლად შეფასებული არ იქნება.
ხელისუფლებას აქამდე აქვს არჩევანი, რომ ოქტომბრამდე ეს სამარცხვინო ფურცელი ჩვენი უახლოესი ისტორიის, როდესაც პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ სასამართლოს იყოს დახურული. თუ ამას არ გააკეთებს და ეს თქვა გუშინ ზურაბიშვილმა და ბუნებრივია, კარგად გვესმის, რომ ეს არ არის მისი გადაწყვეტილება, ეს არის ივანიშვილის გადაწყვეტილება, ასეთ შემთხვევაში ვითარება არ იქნება ნორმალური არჩევნებამდე, ზეწოლა ჩვენი პარტნიორების მხრიდან გაგრძელდება, - თქვა სეგი კაპანაძემ.
"ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ყველანაირად ცდილობს ძალაუფლებას ჩაებღაუჭოს, რისთვისაც ის მძიმე პოლიტიკურ ფასს გადაიხდის.
სალომე ზურაბიშვილს არავინ ეკითხება არც თანხმობას და არც უარს, მან შეასრულა ის დავალება, რაც მიიღო ბიძინა ივანიშვილსგან. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოატყუა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და უარი თქვა რვა მარტის შეთანხმების შესრულებაზე, - თქვა ზაალ უდუმაშვილმა.
გუშინ, 31 ივლისს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გიორგი რურუას არ შეიწყალებს და მასზე ზეგავლენას ვერავინ მოახდენს. ამ გადაწყვეტილებას მალევე მოჰყვა საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები:
აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა პირდაპირ თქვა, რომ პრეზიდენტმა გიორგი რურუა უნდა შეიწყალოს, ელჩმა, კელი დეგნანმა კი აღნიშნა, რომ შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა და მასზეა დამოკიდებული რა გადაწყვეტილებას მიიღებს.
მაიკ პომპეომ გაგაფრთხილათ... მაგრამ სასამართლოს პოლიტიზაცია გრძელდება - ასე გამოეხმაურა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ლიეტუველი ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი გიორგი რურუას განაჩენს.
საქართველოს მეგობრები მიიჩნევენ, რომ ჯერ დაკავება და ახლა უკვე მედია მფლობელ გიორგი რურუასთვის გამოტანილი სასჯელი პოლიტიკურია - დაწერა Twitter-ზე ევროპარლამენტარმა ანნა ფოტიგამ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდა. რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებდა.
2020 წლის 30 ივლისს, მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გიორგი რურუას თავისუფლების ოთხი წლით აღკვეთა მიუსაჯა. 8 მარტის შეთანხმებისა და დასავლელი პარტნიორების არაერთი მოწოდების შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაკავებული ოპოზიციის ლიდერები გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 2020 წლის 15 მაისს შეიწყალა.