გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის სამეცნიერო საბჭო კულტურის სამინისტროს სასამართლოში უჩივის.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ცნობით, ხვალ, 2 მაისს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდება მთავარი სხდომა, კულტურის სამინისტროს მხრიდან სსიპ - გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის სამეცნიერო საბჭოს (შემდგომში - „სამეცნიერო საბჭო“) უფლებამოსილებაში ჩარევისა და თამარ ბელაშვილის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის საქმეზე.
საია წერს, რომ 2022 წლის 15 თებერვლიდან, ცენტრის დირექტორს, თამარ ბელაშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. კანონმდებლობის შესაბამისად, სამეცნიერო საბჭომ, 2022 წლის 16 თებერვალს, ცენტრის დირექტორის პოზიციაზე ღია კონკურსის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო, რის შესახებაც ეცნობა სამინისტროს. ორგანიზაციის ცნობით, კონკურსი ჩატარდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და ცენტრის სამეცნიერო საბჭომ არჩევანი კვლავ თამარ ბელაშვილის კანდიდატურაზე შეაჩერა.
"კონკურსის დასრულების შედეგები შემდგომი ფორმალური პროცედურების გასავლელად სამეცნიერო საბჭომ სამინისტროს წარუდგინა. სამინისტრო ვალდებული იყო დაემტკიცებინა სამეცნიერო საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატი, თუმცა, სამინისტრომ ამ ვალდებულების შესრულებაზე დაუსაბუთებლად თქვა უარი და სამეცნიერო საბჭოს მიუთითა, რომ გამოეცხადებინათ ახალი კონკურსი. ასევე, სამინისტრომ მოითხოვა დირექტორის კანდიდატურის წინასწარი შეთანხმება. აღნიშნული ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ სამინისტროსთვის მიუღებელი იყო კონკრეტულად თამარ ბელაშვილის კანდიდატურა, უარის საფუძველი კი, კანონმდებლობა არ ყოფილა", - წერია განცხადებაში.
საიას შეფასებით, სამინისტროს მიერ კანონის შესაბამისად ცენტრის დირექტორად არჩეული თამარ ბელაშვილის დამტკიცებაზე უარი და ცენტრის სამეცნიერო საბჭოსთვის დირექტორის კანდიდატურის წინასწარ შეთანხმების მოთხოვნა წარმოადგენს სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილებებში უხეშ ჩარევას. ასევე, სამინისტროს გადაწყვეტილება დისკრიმინაციულია თამარ ბელაშვილთან მიმართებით.