
ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარი თქვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სამხედრო დამნაშავედ ეწოდებინა, რადგან, მისი თქმით, ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებს. ამ საკითხზე მან CNN-ზე დებატების დროს ისაუბრა.
ტრამპი ამბობს, რომ ეს არის საკითხი, რომელიც "მოგვიანებით უნდა განიხილონ".
"თუ თქვენ იტყვით, რომ ის არის ომის დამნაშავე, გაცილებით რთული იქნება შეთანხმების დადება ამ საქმის გადასაჭრელად", - თქვა ტრამპმა.
მისივე განცხადებით, პუტინმა შეცდომა დაუშვა.
"მისი შეცდომა ის იყო, რომ შემოიჭრა. მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ის არასდროს შემოიჭრებოდა", - თქვა ტრამპმა.
ტრამპმა პირდაპირ არ უპასუხა კითხვას, სურს თუ არა უკრაინის გამარჯვება და თქვა, რომ სურს "ყველამ შეწყვიტოს სიკვდილი".
"მე არ ვფიქრობ მოგებაზე და წაგებაზე. ვფიქრობ, რომ მოგვარდეს ეს, ასე რომ, ჩვენ შევწყვეტთ ამ ხალხის მკვლელობას. რუსები და უკრაინელები, მე მინდა მათ შეწყვიტონ სიკვდილი და მე ამას გავაკეთებ 24 საათში", - თქვა ტრამპმა.