"შაბათის ფორმულას" წამყვანი დავით ქაშიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
ტელეკომპანია "ფორმულას" ინფორმაციით, ჟურნალისტი უწყებაში თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებითაა დაბარებული.
ქაშიაშვილი უწყებაში ხვალ, 11:00 საათზე, ადვოკატთან ერთად მივა.
დამიკავშირდნენ შსს-დან, დამიბარეს გამოკითხვაზე, რა თქმა უნდა, ვაპირებ მისვლას. თემა მითხრეს რაზეც დაბარებული ვიყავი. მივალ და ის რაც უკვე საზოგადოებამ იხილა შაბათის ფორმულაში, კიდევ ერთხელ მოვუყვები პოლიციას, - თქვა დავით ქაშიაშვილმა.
ცნობისთვის, ტელევიზიამ გუშინ, საგამოძიებო უწყებიდან სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაჩალიაშვილმა სამი მაღალჩინოსნის მაკომპრომეტირებელი მასალები მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გუშინ, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
კომპანია ZAG-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.