
საფრანგეთის სენატმა, პარლამენტის ქვედა პალატის, ეროვნული ასამბლეის შემდეგ, დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც 1932-1933 წლების ჰოლოდომორს უკრაინელი ხალხის გენოციდად ცნობს.
უკრაინული მედიის ცნობით, 343 ფრანგი სენატორიდან რეზოლუციას მხარი 327-მა დაუჭირა, 16 კი წინააღმდეგი იყო. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ მისი მიზანია საფრანგეთის ურყევი ერთგულების გამოხატვა ადამიანის ღირსების პატივისცემისადმი, ასევე, მხარდაჭერის გამოხატვა უკრაინელი ხალხისადმი და მომავალში, ასეთი ქმედებების თავიდან აცილება.
ფაქტს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება Twitter-ზე გამოეხმაურა და საფრანგეთის სენატს მადლობა გადაუხდა:
"მადლობელი ვარ ფრანგი სენატორების ამ ისტორიული კენჭისყრისთვის, რომელიც აღადგენს სამართლიანობას და პატივს სცემს მილიონობით მსხვერპლის ხსოვნას. ასეთი დანაშაული არასოდეს არ უნდა განმეორდეს და არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს".