
"როგორ დამეგობრდნენ რუსეთი და საქართველო... საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში იწევს" - ამ სათაურით უკრაინული გამოცემა Europien pravda საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
გამოცემა წერს, რომ დასავლეთის გაფრთხილების მიუხედავად, საქართველოში პირველი რუსული რეისი 19 მაისს შესრულდა, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა, როგროც აეროპორტში, ასევე საქართველოს პარლამენტის წინ. თუმცა, როგორც სტატიის ავტორი წერს, ეს პროტესტი არც თუ ისე მასშტაბური იყო.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ რუსი დიპლომატის ქალიშვილის ვიზიტი საქართველოში უბრალო დამთხვევა არ ყოფილა.
"საქართველოს ხელისუფლებამ ღიად დაუჭირა მხარი ამ წყვილს. ფრენების გახსნა და სკანდალური ზეიმი საქართველოსა და რუსეთის ამჟამინდელი უპრეცედენტო დაახლოების შედეგია. თუ ეს ასეა, ერთმანეთის მიმართ გადადგმული დღევანდელი ნაბიჯები შესაძლოა ბოლო არ იყოს. რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი, რომელმაც 2019 წელს საქართველოში პროტესტი გამოიწვია, უკვე 2008 წლის ომის შემდეგ, პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გაწყვეტილ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას პროგნოზირებს. ასეთი გეგმების განხორციელება საქართველოს დასავლეთიდან რუსეთისკენ საბოლოო გადახვევის ახალ დონეს მიანიშნებს. თუ ამას, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეები არ შეუშლიან ხელს", - წერს გამოცემა.
გარდა ამისა, გამოცემა წერს, რომ მოსკოვის ფრენებით გამოწვეული პროტესტი არ ჩანს საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ მთავრობამ ახლავე უარი თქვას გეგმებზე.
გარდა ამისა, სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ლავროვის ქალიშვილის ვიზიტი მეტყველებს იმაზე, რომ რუსული ელიტა ახლა საქართველოს განიხილავს, როგორც ქვეყანას, რომელმაც მიატოვა დასავლური კურსი ეკონომიკური პრეფერენციების სასარგებლოდ.