
"სამაგალითო" და "არაჩვეულებრივი" - ასე აფასებენ პრემიერი ღარიბაშვილის გამოსვლას კატარის ეკონომიკურ ფორუმზე "ქართულ ოცნებაში".
"პრემიერს არაჩვეულებრივი გამოსვლა ჰქონდა. ყველა აქცენტი გაკეთდა, რაც საქართველოს პოლიტიკასა და პრიორიტეტებს უკავშირდება. ბუნებრივია, მათ შორის, პრემიერი შეეხო იმ მნიშვნელოვან თემას, რაც დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე ომთან და რუსეთთან ჩვენს ურთიერთობებთან" თქვა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ხელისუფლების პოლიტიკა "ძალიან მკაფიოა", სოლიდარობას უცხადებენ უკრაინელ ხალხს არამარტო სიტყვებით, კონკრეტული ქმედებებითაც, კერძოდ - მხარი დაუჭირეს ყველა საერთაშორისო დოკუმენტს, სადაც დაგმობილია სამხედრო აგრესია და სადაც მხარდაჭერაა გამოხატული უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
"ამასთან ერთად, ჩვენი პოზიცია მკაფიოა სანქციებთან დაკავშირებითაც. ჩვენ რუსეთის მიმართ სანქციებს არ ვაწესებთ. ლოგიკა მარტივია - ჩვენ საკუთარ ხალხსა და ქვეყანას ვერ დავშლით, აქედან გამომდინარე, სანქციები არ განიხილება." თქვა კობახიძემ
კობახიძის შემდეგ პრაქტიკულად იგივე გაიმეორა მდინარაძემ:
"პრემიერმინისტრის გამოსვლა იყო სამაგალითო, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ეროვნული ინტერესებიდან გამოხვიდე, და ეს იყოს პრიორიტეტი. ეს ბუნებრივია ყველა ქვეყნის ინტერესში ზის, რომ ქვეყნის პირველი პირი საუბრობდეს, პირველ რიგში, საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ასე იყო ამ შემთხვევაშიც, გასაკვირი არაფერია, მისასალმებელია ასეთი მიდგომა ქვეყნის პრემიერმინისტრის", - თქვა მამუკა მდინარაძემ.
ქართული ოცნების ლიდერებმა ეს განცხადებები ახალციხეში გააკეთეს, სადაც პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებს ხვდებიან.
იხილეთ ღარიბაშვილის განცხადებები: