რუსული სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო TASS წერს, რომ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამერიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემი ძებნილთა სიაში შეიყვანა.
"1955 წლის 9 ივლისს დაბადებული ამერიკელი გრეჰემ ლინდსი ოლინი იძებნება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით", - ნათქვამია დეპარტამენტის მონაცემთა ბაზაში.
უწყებას დაზუსტებული არ აქვს კონკრეტულად რა მუხლით მოხვდა სენატორი ძებნილთა სიაში.
ეს ხდება მას შემდეგ, რაც 26 მაისს კიევში ვიზიტის დროს ამერიკელი სენატორი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. თავდაპირველად გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც დამონტაჟებული იყო, ერთმანეთის მიყოლებით ისმის სენატორის ორი ფრაზა "და რუსები კვდებიან" და "ასე კარგად არასდროს დაგვიხარჯავს ფული". სინამდვილეში, ეს ფრაზები ერთმანეთის მიყოლებით არ თქმულა.
კიევმა Reuters-ს მიაწოდა კამერების წინ გრეჰემისა და ზელენსკის საუბრის სრული ჩანაწერი. სენატორმა აღნიშნა, რომ უკრაინა, ისევე როგორც შეერთებული შტატები, ცხოვრობს პრინციპით "იცხოვრე თავისუფლად ან მოკვდი" და თქვა "აშშ-სთვის უკრაინის რუსი სამხედრო დამნაშავეებისგან გათავისუფლებაში დახმარება კარგ ინვესტიციად იქცა".