თამარ ბაჩალიაშვილის ფსიქოლოგის ვინაობა ცნობილია - თამარ კობალაძე უკვე გამოკითხულია

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის ფსიქოლოგის ვინაობა ცნობილია - 23 წლის პროგრამისტის ფსიქოლოგი ქეთევან კობალაძე იყო. ის საქმეზე 22 ივლისს დაკითხეს, ანუ იმ დღესვე, როდესაც თეთრიწყაროში თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს.  

ქეთევან კობალაძე პენიტენციური დაწესებულების ბავშვთა ფსიქოლოგად მუშაობდა. ის რამდენიმე წლის წინ ია ანთაძის სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტთანაც თანამშრომლობდა.

ქეთევან კობალაძე ამბობს, რომ გამოძიებას უამრავი კითხვა ჰქონდა და მან ყველას გასცა პასუხი.

დოკუმენტურად არის დადასტურებული, ჩაწერილი, მე ხელი მოვაწერე ყველა პასუხზე, რაც გავეცი და როგორც გავეცი, ყველა კითხვაზე არსებობს პასუხი, - თქვა ფსიქოლოგმა.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

კომპანია ZAG-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ოჯახი გამოძიებაში FBI-ს ჩართვას ითხოვდა, ამ მიზნით მათ 4 აგვისტოს ამერიკის საელჩოსთან აქციაც გამართეს. შსს ოჯახის მოთხოვნას დათანხმდა და ახლა ფედერალური ბიუროსთვის ექსპერტების მოწვევის დეტალების შეთანხმება იგეგმება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი