ამ წუთებში თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებიან. ეს არის პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც უწყება გამოძიებაში ამერიკული მხარის ჩართვას დათანხმდა. ოჯახი ითხოვს, დაჩქარდეს უცხოელი ექსპერტების საქმეში ჩართვა და მათ ჩამოსვლამდე არ გაიხსნას დალუქული მანქანა - ავტომობილი, რომელშიც ცხედარი იქნა აღმოჩენილი.

ბაჩალიაშვილის მშობლებს აინტერესებთ, როდის და რა ვითარებაში გაუჩინარდა მათი შვილი, ასევე, სად წავიდა ის ფაილები, რომლებიც თამარის კომპიუტერში იყო. ოჯახი კონკრეტულ ვადებს ითხოვს, თუ როდის ჩამოვლენ FBI-ს ექსპერტები საქართველოში. ისინი საქმეში გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის ჩართვასაც ითხოვენ. 

რატომ დაიკარგა თამარი, რატომ ვერ იქნა მოძებნილი 5 დღის მანძილზე, რატომ წაიშალა კომპიუტერიდან ყველაფერი და გასუფთავდა, ანალოგიურად მანქანაც, ველოდებით ფედერალური ბიუროს ჩამოსვლას და ალბათ მერე გაიხსნება, - ამბობს დაღუპულის დედა თეონა თამაზაშვილი. 

მისი თქმით, გამოძიებაში არსებული ამდენი ხარვეზი სწორედ საქმეში ჩართულ მაღალჩინოსნებთანაა დაკავშირებული.   

ოჯახის ადვოკატი კი ამბობს, რომ მისთვის ცნობილი ინფორმაციით, გარკვეული ჩანაწერები ვიდეოკამერებიდან წაშლილია.

გავარკვევთ, ექსპერტები როდის ჩამოვლენ, რა დრო დაჭირდებათ. კიდევ ერთხელ ვამბობ, გამოძიების ინტერესებშიც უნდა იყოს, რადგან არ ითქვას მერე და დარწმუნებული ვარ, ამას მოჰყვება ძალიან დიდი პროტესტი ოჯახის მხრიდან, თუ მოხდება ავტომობილის FBI-ს გარეშე გახსნა და ანალიზის ჩატარება, იმიტომ, რომ არის ინფორმაციები,რომ იქაც რაღაც არასრულყოფილად არის რაღაცები, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

 საქმეში არის კიდევ ერთი საეჭვო გარემოება, სავარაუდოდ, თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი ბიჭის, ბაჩანა ლობჟანიძის გამოკითხვის ოქმი, რომელიც ადვოკატის ცნობით, ასევე ესწრებოდა ექსპერტიზას და მისი კომპიუტერის გახსნას.   

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში FBI ჩაერთვება. ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნაზე განაცხადი უწყებამ უკვე გააკეთა. სწორედ ამ მიზნით იბარებენ ოჯახს სამინისტროში.

ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართვას 23 წლის პროგრამისტის საქმის გამოძიებაში, ოჯახი უკვე რამდენიმე დღეა ითხოვს. გუშინ მათ უკიდურეს ფორმასაც მიმართეს და ამ მოთხოვნით აქცია ამერიკის საელჩოსთან გამართეს. ოჯახი დარწმუნებულია, რომ ბურუსით მოცულ საქმეში კითხვებს პასუხს სწორედ FBI -ი გასცემს.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

კომპანია ZAG-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი