უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ყველა ევროპულ ქვეყანას, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და არ უნდა, რომ რუსეთმა მისი ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინოს, უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ შეუერთდეს ევროკავშირსა და ნატოს.
ზელენსკიმ თქვა, რომ ხედავენ რა ხდება ბელარუსსა და საქართველოში, თუ როგორ ითრევენ ამ ქვეყნებს ერთი და იმავე უკანონობის მორევში, სხვადასხვა მეთოდებით.
"ჩვენ ყველანი ნათლად ვხედავთ, ვინ არის აგრესორი და სად ხდება აგრესია. რუსეთს ეშინია NATO-სი და ცდილობს, რომ ჩაყლაპოს მხოლოდ ისინი, ვინც საერთო უსაფრთხოების არეალს მიღმაა. რუსეთი ასევე ცდილობს, რომ დატოვოს გაყინული კონფლიქტები საკუთარი მეზობლების ტერიტორიებზე, თუ მთელი ქვეყნის გადაყლაპვა არ შეუძლია. ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, რატომ გინდათ ნატოში გაწევრიანებაო, იმიტომ გვინდა, რომ უსაფრთხოება და მშვიდობა გჭირდება. სწორედ ამიტომ, ყველა ევროპულ ქვეყანას, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და არ უნდა, რომ რუსეთმა მისი ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინოს, უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ შეუერთდეს ევროკავშირსა და ნატოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ორი გამოსავალი რჩება - ღია ომი რუსეთთან ან მცოცავი ოკუპაცია. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში და საქართველოში, ვხედავთ, როგორ ითრევენ ამ ქვეყნებს სხვადასხვაგვარი მეთოდებით, თუმცა ერთი და იმავე უკანონობის მორევში. მაგრამ, თუ უკრაინელებს, რომლებმაც სისხლით მორწყეს საკუთარი მიწა ევროპული მომავლისთვის, ჯერ არ მიუღიათ ნათელი და პოზიტიური პასუხი ევროკავშირში და ნატოში შესვლასთან დაკავშირებით, სხვების იმედები მით უფრო მკრთალი ხდება", - ამბობს ზელენსკი.
ზელენსკი მოლდოვაში ესწრება ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტს, რომელში მონაწილეობას საქართველოს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილიც იღებს. შედგება თუ არა ორი ქვეყნის ლიდერს შორის შეხვედრა, უცნობია.