წერილი, სავარაუდოდ, დააწერინეს - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

გამოქვეყნდა:

დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი შსს-ს მიერ გავრცელებულ ექსპერტიზის დასკვნას ეხმაურება, რომელიც ადასტურებს, რომ ავტომანქანაში ნაპოვნი ჩანაწერი: "ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ" ნამდვილად 23 წლის პროგრამისტის მიერ იყო დაწერილი.

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული წერილი მის შვილს სიკვდილამდე ძალით დააწერინეს.

წერილი, სავარაუდოდ, იმათ დააწერინეს, იმიტომ, რომ ეს ძალიან მზაკვრული გეგმა იყო და ის ყველაფერი ერთ და ორ დღეში არ კეთდებოდა. შესაბამისად, ისიც გამოკვლეული იყო, რომ ჩემს შვილს ანგარიშზე ჰქონდა თანხა, - ამბობს დაღუპულის დედა თეონა თამაზაშვილი.

ცნობისთვის, ბაჩალიაშვილების ოჯახმა პროკურატურა ცოტა ხნის წინ დატოვა. უწყებაში დაადასტურეს, რომ ბურუსით მოცულ საქმეში FBI ჩაერთვება.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

კომპანია "ZAG"-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი