რუსეთს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა მიიღოს რაკეტების წარმოებისთვის კრიტიკული კომპონენტები - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მათ სჭირდებათ საკმარისი რაოდენობის საჰაერო თავდაცვის სისტემები, ასევე თანამედროვე გამანადგურებლები, რომ შეძლონ ტერორისტული სახელმწიფოსგან თავდაცვა. მისივე თქმით, კიდევ ერთი პრობლემაა ტერორისტული სახელმწიფოს მიერ ახალი რაკეტების წარმოება.

"სამწუხაროდ, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა მიიღოს რაკეტების წარმოებისთვის კრიტიკული კომპონენტები კომპანიებისგან მთელი მსოფლიოდან, მათ შორის ზოგიერთი პარტნიორი ქვეყნის კომპანიებისგან. შემდეგ ეს კომპონენტები იგზავნება რუსეთში სხვადასხვა გზით. თუ ავიღებთ, მაგალითად, ერთ-ერთ რაკეტას, რომელიც დღეს კრივოი როგს მოხვდა, მასში 50-მდე კომპონენტი - ძირითადად მიკროელექტრონიკა - სხვა ქვეყნებში იყო წარმოებული", - თქვა ზელენსკიმ. 

მისი განცხადებით, უკრაინის წარმომადგენლები შეხვდნენ შესაბამისი ქვეყნების დიპლომატებს. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, რომ ყველა პარტნიორს აქვს კომპანიების სია, რომლებიც რუსეთს აწვდიან კომპონენტებს და უკრაინა ელოდება დასკვნებსა და სწრაფ მოქმედებას რუსული სარაკეტო ტერორის შესაჩერებლად.

"უკრაინამ სანქციები დაუწესა რუსეთში არსებულ ყველა კომპანიას, რომლებიც აწარმოებენ რაკეტებს. ასეთი სრული სანქციები უნდა დაწესდეს გლობალურად ყველა მათგანის წინააღმდეგ. სანქციების გვერდის ავლით ყველა გზა სათანადოდ უნდა დაისაჯოს გლობალურ დონეზეც. კრიტიკულ კომპონენტებზე ექსპორტის კონტროლი მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს. თუ ვინმე მოქმედებს როგორც შუამავალი ან იმუშავებს რუსეთთან ერთად, რათა ტერორისტებმა გააგრძელონ საცხოვრებელი კორპუსების აფეთქება და ადამიანების მკვლელობა, ასეთი სუბიექტები - იქნება ეს ბიზნესი თუ მთავრობა - იმსახურებენ პასუხს მსოფლიოსგან. მკაცრ პასუხს", - თქვა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, 13 ივნისს კრივოი როგზე რუსეთის სარაკეტო იერიშს 10-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი