ბაჩალიაშვილის Facebook-ის გაუქმებამდე გვერდი ბლოგად გადაკეთდა, პროფილის ფოტო კი შეიცვალა - ZAG-ის დირექტორი

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის Facebook-ის გაუქმებამდე, მისი პირადი გვერდი პერსონალურ ბლოგად იყო გადაკეთებული, მისი პროფილის ფოტო კი შეცვლილი, - ამის შესახებ "მთავარი არხის" ეთერში ბაჩალიაშვილის დამსაქმებელი ერთ-ერთი კომპანია ZAG-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ ისაუბრა. 

როგორც მან ნიკა გვარამიას გადაცემაში "მთავარი აქცენტები" განმარტა, ბაჩალიაშვილის Facebook იმ დროს გაქრა, როცა თავად გამოკითხვაზე იყო შესული. ამის შესახებ კი გამომძიებლებთან ერთად მხოლოდ მაშინ აღმოაჩინა, როცა მისი და თამარის მიმოწერის ამოღება დააპირა. 

მინდოდა, გამოძიებას  Facebook-დან ჩვენ ერთ-ერთი პოზიტიური საუბარი ამოეღო. სანახავად რომ შევედით, მიდი Facebook გამქრალი იყო და Personal Blog ეწერა, მისი პროფილის ფოტო კი რამდენიმე საათით ადრე იყო შეცვლილი. შემდეგ საერთოდ გაქრა და უბრალოდ შევძელით მესიჯები დაგვენახა, - ამბობს კობერიძე.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის Facebook-გვერდი 28 ივლისს გაქრა. აღსანიშნავია, რომ სოციალური ქსელის წესების თანახმად, თუ კი ადამიანი გარდაიცვლება, მისი ანგარიში, ხსოვნის გვერდად გადაკეთდება ხოლმე, რომელიც განკუთვნილია მეგობრებისა და ახლობლებისათვის, რომ მონატრება გამოხატონ და გარდაცვლილი პირი ფოტოების გამოყენებით გაიხსენონ. Facebook-ისგან განსხვავებით, თამარ ბაჩალიაშვილის გვერდი Instagram -ზე ჯერ კიდევ იძებნება.

პროკურატურის მიერ 6 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 28 ივლისს უწყებამ კომპანია
Facebook-ის სამართალდამცავებთან თანამშრომლობის რეგიონულ კოორდინატორს მიმართა განმარტებისთვის, რა შეიძლებოდა გამხდარიყო მომხმარებლის წაშლის მიზეზი.

Facebook-მა განმარტა, რომ გარდაცვლილი პირის მონაცემს კომპანიის ადმინისტრაცია არ შლის, არამედ ადებს „ხსოვნის“ წარწერას. ის თუ ვინ წაშალა (ან საჯაროდ ხელმიუწვდომელი გახადა) მომხმარებელი ამის შესახებ ინფორმაციას მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიიღებდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მანამდე კი, 5 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაჩალიაშვილის საქმეზე შუალედური ანგარიში წარადგინა - უწყება ამტკიცებს, რომ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე 23 წლის პროგრამისტი არკვევდა, თუ რა მოუვიდოდა მის გვერდს გარდაცვალების შემთხვევაში. 

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, მისი გაუჩინარება ქალის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

მისი ერთ-ერთი დამსაქმებელი კომპანია ZAG-ის მფლობელის, აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი