უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ტრადიციული ვიდეომიმართვისას გამოეხმაურა რუსეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ოკუპანტებმა უკრანისი Patriot-ის სარაკეტო სისტემები გაანადგურეს.
ზელენსკი ამბობს, რომ ყველა Patriot-ი მუშაობს და ისინი ანადგურებენ რუსულ რაკეტებს.
"ჯერ ერთი, ვინც არ უნდა თქვას რუსეთში, რომ ჩვენი პატრიოტები გაანადგურეს, ისინი ისევ აქ არიან, მუშაობენ, ყველა მათგანი ანადგურებს რუსულ რაკეტებს. რაც შეიძლება ეფექტურად. არც ერთი პატრიოტი არ განადგურებულა!" - ამბობს ზელენსკი.
ზელენსკი გამოეხმაურა აფრიკის ლიდერებისა და დელეგაციის ვიზიტს უკრაინასა და რუსეთში. მან თქვა, რომ დელეგაციას ჰქონდა შესაძლებლობა ენახა ვინ არის რეალურად დაინტერესებული მშვიდობით და ვინ განასახიერებს ომს.
"ყველაფერი, რაც უკრაინაში განიხილებოდა, ეხებოდა მშვიდობის ფორმულას. მთელი შინაარსი. ყველაფერი, რასაც რუსეთში ამბობდნენ, ეხებოდა ომს, იმას, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს სიცოცხლის განადგურება. აშკარაა, რომ მშვიდობის ფორმულას ალტერნატივა არ აქვს. კარგია, რომ ეს მსოფლიოს უფრო და უფრო ესმის და ხედავს", - თქვა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, 16 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ რუსეთმა გაანადგურა 5 პატრიოტის კომპლექსი კიევის მახლობლად და შეუძლია გაანადგუროს ნებისმიერი შენობა კიევის ცენტრში.