გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი შსს-ს სთხოვს, უწყების ვებგვერდზე არ განთავსდეს ისეთი ინფორმაცია, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ეჭვებს იწვევს. ბაჩალიაშვილის ოჯახი ადვოკატთან ერთად დღეს უწყებაში იმყოფებოდა. საგამოძიებო უწყებამ გარდაცვლილი გოგონას მშობლები გამოძიების მასალების გასაცნობად დაიბარა.
ჩვენი თხოვნაა, შსს-ს ვებგვერდზე არ დაიდოს იმდაგვარი განცხადებები, რაც ეჭვებს იწვევს, თითქოს თვითმკვლელობაზეა საუბარი. გაფრთხილება და რჩევა მივეცით, რომ ეს აღარ მოხდეს. პასუხი არის ყოველთვის „დიახ“, მაგრამ შედეგს დაველოდები. შედეგი ყოველთვის საპირისპიროა, - ამბობს მიხეილ რამიშვილი.
შსს-მ გამოძიების შუალედური ინფორმაცია ორჯერ გაასაჯაროვა, მათ შორის გარდაცვლილის ლეპტოპის ისტორია და ავტომობილიდან ამოღებული წერილის ექსპერტიზის დასკვნა. შსს ამბობს, რომ ბაჩალიაშვილი კომპიუტერში თვითმკვლელობის მეთოდებს ეძებდა და წერილი, რომელიც მანქანის აღმოჩენის შემდეგ ნახეს, 23 წლის გოგონას ეკუთვნის. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, 23 წლის პროგრამისტი არკვევდა, თუ რა მოუვიდოდა მის გვერდს გარდაცვალების შემთხვევაში.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, მისი გაუჩინარება ქალის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
მისი ერთ-ერთი დამსაქმებელი კომპანია ZAG-ის მფლობელის, აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ბაჩალიაშვილები გამოძიებაში FBI-ს ჩართვას ითხოვენ.