NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთში მომხდარი მოვლენები ცხადყოფს, რომ უკრაინაში შეჭრით პუტინმა დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა.
"შაბათ-კვირის მოვლენები არის რუსეთის შიდა საკითხი და კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, თუ რა დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა პრეზიდენტმა პუტინმა ყირიმის უკანონო ანექსიითა და უკრაინის წინააღმდეგ ომით", - თქვა სტოლტენბერგმა.
როგორც სამხედრო ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რუსეთის აგრესიის გაგრძელების ფონზე, უკრაინას მხარდაჭერა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.
"რადგან რუსეთი აგრძელებს თავდასხმას, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის გაგრძელება.
უკრაინამ დაიწყო კონტრშეტევები ოკუპირებული მიწების დასაბრუნებლად. რაც უფრო მეტი ტერიტორიის დაბრუნებას შეძლებენ, მით უფრო ძლიერი იქნება უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად", - თქვა მან.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ "ომის დასრულების შემდეგ, ჩვენ უნდა მივიღოთ ზომები უკრაინის უსაფრთხოებისთვის, რათა ისტორია არ განმეორდეს".