იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, თინა ბურჯალიანი დამოუკიდებელი იურისტებისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სპეციალისტების მიერ მომზადებულ დასკვნას აგვისტოს ომზე, დადებითად აფასებს და ამბობს, რომ საქმეში მაღალი რეპუტაციის ადვოკატების ჩართვა, რომელიც ჰააგის სასამართლოშია, წინგადადგმული ნაბიჯია.
"ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონდე ადვოკატები არიან იმისთვის, რომ მათ საკუთარი პროფესიული ეთიკა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ რამის გამო", - ამბობს ბურჯალიანი გადაცემა "დღის სტუმარში".
საუბარია, იმ დასკვნაზე, რომელიც სპეციალისტებმა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით მოამზადეს და რომელიც გუშინ, 7 აგვისტოს, ომის 12 წლის თავზე, ჰააგის სასამართლოში წარადგინეს. განცხადება ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ჰააგიდან, საგანგებო ჩართვის დროს გააკეთა.
შეგახსენებთ, ჰააგის სასამართლოში მიმდინარე გამოძიების შინაარსი შეეხება ომის დანაშაულს და ასევე 2008 წლის 8 აგვისტოს, ე.წ. "ვერხნი გარადოკის" სამხედრო ბაზაზე მომხდარი დაპირისპირება. საერთაშორისო სამართლის სპეციალისტებს სწორედ ეს ეპიზოდი უნდა შეესწავლათ და წარედგინათ ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისისთვის.
მათ ეთხოვათ, რომ ფაქტების ობიექტური შეფასება მოეხდინათ. ეს ფაქტები ეხება ერთადერთ ეპიზოდს, ერთადერთ სამართლებრივ არგუმენტს. თქვენ გახსოვთ "მძინარე ცხინვალი", რომელსაც თუთიყუშებივით იმეორებს ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი, თქვენ გახსოვთ "გენოციდი ეთნიკურად ოსი მოსახლეობის", ასევე გახსოვთ "დიდი მსხვერპლი სამშვიდობოებში," ამ არგუმენტებს რუსეთი თავისი ინტერესებისთვის იყენებდა - გაემართლებინა თავისი აგრესია, - ამბობს ბურჯალიანი.
ბურჯალიანი ასევე ამბობს, რომ "ერთადერთი ეპიზოდი, რომელიც შესაძლოა ქართველი სამხედროების წინააღმდეგ მოტრიალდეს, სწორედ "ვერხნი გარადოკის" ეპიზოდია". სხვა სამართლებრივი საყრდენი, მისი განმარტებით, რუსულ მხარეს არ აქვს. მათ შორის, წამყვანის კითხვაზე, ხომ არ გახდება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის 2014 წლის განცხადება ფაქტორი, გადაწყვეტილების მიღებისას, ბურჯალიანი პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებას ჯერ სამარცხვინოდ აფასებს, შემდგომ კი განმარტავს რომ სამართლებრივად ეს განცხადება უსაფუძვლოა.
შეგახსენებთ, რომ ჰააგის სასამართლომ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც "2015 წლის მარტში საქართველოს ხელისუფლებამ გაუგზავნა პროკურორს წერილი, რომ ქართული გამოძიება შეწყდა და აღარ მიმდინარეობს" - ამის მიზეზი კი, ბურჯალიანის თქმით, ქართული მხარის განმარტება გახდა, რომლის მიხედვითაც, საქართველომ შემაჯამებელი დასკვნა ვერ დადო, რაც გახდა საფუძველი ჰააგის პალატისთვის
ეწარმოებინა უკვე გამოძიება, რომელზეც დღეს მიდის საუბარი -"2016 წლიდან მიდის სრულად გამოძიება, რომელსაც პროკურორის ოფისი აწარმოებს".
ამას წინ უძღვოდა, ჰააგის სასამართლოს ჯერ კიდევ 2011 წლის განცხადება, რომლის მიხედვითაც არსებობდა საერთაშორისო სისხლის სამართლის დანაშაულები ომის მიმდინარეობისას და მის შემდგომ.
აღსანიშნავია, რომ ომის დროს მიმდინარე სამართალდაღვევებზე, თინა ბურჯალიანი, ჰააგის სასამართლოს პროკურორს ინფორმაციას თავად აწვდიდა. შედეგად, უკვე 2008 წლის 13 აგვისტოს, სასამართლომ დაიწყო პირველადი მოკვლევა და ქართული მხარე მათ ინფორმაციას წლების განმავლობაში აწვდიდა.
"გამოძიება რომელსაც საქართველოს პროკურატურა აწარმოებდა არ იყო რომელიმე კონკრეტული მხარის ან პირის წინააღდმეგ, ამ გამოძების მიზანი ობიექტური რეალობის დადგენა იყო", - ამბობს ბურჯალიანი.