უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ნატოს ვილნიუსის სამიტი შეიძლება იყოს ზუსტად ის, რაც სჭირდება მის ქვეყანას, მთელ ალიანსსა და გლობალურ უსაფრთხოებას. ამ თემაზე მან საღამოს ტრადიციული ვიდეო მიმართვის დროს ისაუბრა და თქვა, რომ ამ დღეებში ოფიციალური პირები კიდევ უფრო აქტიურად მუშაობენ.
"ყველას ყველაფერი ესმის. ყველა ლიდერი, ყველა სახელმწიფო. თუნდაც განსხვავებული პოზიციები გაჟღერდეს, მაინც ცხადია, რომ უკრაინა იმსახურებს ალიანსში ყოფნას. ახლა არა - ომია, მაგრამ მკაფიო სიგნალი გვჭირდება. და ჩვენ გვჭირდება ეს სიგნალი ახლა", - თქვა ზელენკსიმ.
ზელენსკი ამბობს, რომ ალიანსის უმრავლესობა ემხრობა უკრაინას. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოება უკრაინაზეა დამოკიდებული და რომ უკრაინა დე ფაქტოდ უკვე ალიანსშია.
"ჩვენი იარაღი ალიანსის იარაღია. ჩვენი ღირებულებები არის ის, რისიც სჯერა ალიანსს. ჩვენი თავდაცვა არის ევროპის ფორმულის ელემენტი, რომელიც მას ერთიანს, თავისუფალს და მშვიდობიანს ხდის. ეს ყველაფერი ვილნიუსმა უნდა დაადასტუროს", - თქვა ზელენსკიმ.
მისი თქმით, დღევანდელი სამიტი უკრაინის გარეშე წარმოუდგენელია და ეს ხდება ომის დაწყებიდან 503-ე დღეს, რაც ბევრს ამბობს მათ სიძლიერეზე - "უკრაინელი ხალხის სიძლიერეზე, რომელსაც ასეთი ომის პირობებში, ამდენი ბრძოლისა და დღის შემდეგ აქვს ძალა, რომლის გარეშეც ევროპის უსაფრთხოება უკვე წარმოუდგენელია".