გამოძიება ყველაფერს აკეთებს, რომ საქმეში FBI არ ჩაერთოს - ბაჩალიაშვილის ოჯახი

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას ისევ უნდობლობას უცხადებს. 23 წლის პროგრამისტის მშობლებს ეჭვი აქვთ, რომ გამოძიებაში FBI აღარ ერთვება და ამისთვის ქართველმა სამართალდამცველებმა ყველაფერი გააკეთეს.

თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის თქმით, გამოძიება მუშაობს ისე, რომ საქმეში ფედერალური ბიურო არ ჩაერთოს. მისი აზრით, ქართველი გამომძიებლები დასკვნას იქამდე დადებს, ვიდრე ამერიკელი გამომძიებლები საქართველოში ჩამოვლენ. 

მაინტერესებს რამდენად ეყოფათ ვაჟკაცობა საქმეში FBI-ს საქმეში ჩასართველად, - ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის დედა. 

თამაზაშვილი ამბობს, რომ შსს-ს წარმომადგენლებმა მას ბოლო შეხვედრისას უთხრეს, რომ დრონის კადრებში, რომელიც ოჯახის ადვოკატს ჯერჯერობით არ გადასცემია, დაღუპულის ავტომობილი არ ჩანს. 

ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დღეს შსს-ში მისვლას გეგმავს. მისი ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის საქმეში მაღალი თანამდებობის პირების ინტერესები იკვეთება.

ბევრი რაღაც იცვლება, ბევრი ის სიტუაციები, რომლთაც ცდილობენ გადაფარვა მოხდეს, აბსოლუტურად სულ სხვა ვეერსიებმა უფრო მეტი პროცენტულობით დაანახოს საზოგადოებასაც, ოჯახის წევრებსაც, თითქოს ეს მართლა თვითმკვლელობა იყო, ან თუნდაც თვითმკვლელობამდე მიყვანა, ეს ესე ვეღარ იქნება, იმიტომ რომ ყველაფერი ძალიან მალე გამოჩნდება, რომ აქ ისეთი ადამიანების მოქმედებებით განხორციელდა ყველაფერი, ისეთ რამესთან გვაქვს ადგილი, რომ ეს იყო ზუსტად მკვლელობა, - თქვა მიხეილ რამიშვილმა. 

მისი თქმით, საქმე გაცილებით ნაკლებად ეხება თამარ ბაჩალიაშვილის სამსახურს. იგი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კონკრეტულ გვარებსა და სახელებს ჯერჯერობით არ ასახელებს. 

დაღუპულის მანქანის ექსპერტიზა დაახლოებით ერთ კვირაში უნდა დაიწყოს, როდესაც შესაბამისი ტექნიკა ქვეყანაში ჩამოვა. 

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

კომპანია ZAG-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ოჯახი გამოძიებაში FBI-ს ჩართვას ითხოვდა, ამ მიზნით მათ 4 აგვისტოს ამერიკის საელჩოსთან აქციაც გამართეს. შსს ოჯახის მოთხოვნას დათანხმდა და ახლა ფედერალური ბიუროსთვის ექსპერტების მოწვევის დეტალების შეთანხმება იგეგმება. 

   

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი