ბაჩალიაშვილის მეგობრის, დეა კაპანაძის ოჯახი მედიას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის მეგობრის, დეა კაპანაძის ოჯახი მედიას დეზინფორმაციის გავრცელებასა და ცილისწამებაში ადანაშაულებს. კაპანაძის დედა ამბობს, რომ ინფორმაცია, თითქოს დეა ჟურნალისტებს დაემალა, სიცრუეა და ის უბრალოდ ქალაქში არ იმყოფება.

კაპანაძის დედა ამბობს, რომ დეა ბაჩალიაშვილის ოჯახთან კონტაქტს გეგმავს, თუმცა ეს მედიის გარეშე მოხდება. "ქრონიკა პლიუსის" რედაქტორი, ელისკო კილაძე კი ამბობს, რომ დეა კაპანაძეს სავარაუდოდ, მედიასთან კონტაქტი აუკრძალეს.

თბილისში არაა, ძალიან ცუდადაა, ყველაზე მეტად, ვინც თამუნას მდგომარეობა გულთან ახლოს მიიტანა, ეს არის ჩემი შვილი. ტელეფონიც ჩამორთმეული აქვს და ინფორმაციასაც არ ვაწვდით, რაც თქვენ ეთერში გაუშვით. რამხელა ტყუილებს ავრცელებთ, პირად ცხოვრებაში ეჭრებით, ამაზე ყველა პასუხს აგებთ, - თქვა კაპანაძის დედამ.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

კომპანია ZAG-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ოჯახი გამოძიებაში FBI-ს ჩართვას ითხოვდა, ამ მიზნით მათ 4 აგვისტოს ამერიკის საელჩოსთან აქციაც გამართეს. შსს ოჯახის მოთხოვნას დათანხმდა და ახლა ფედერალური ბიუროსთვის ექსპერტების მოწვევის დეტალების შეთანხმება იგეგმება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი