ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დაიბარეს

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დაიბარეს. დაღუპული პროგრამისტის მშობლებსა და ადვოკატს თამარის კუთვნილ პირად კომპიუტერზე განმეორებით ექსპერტიზაზე დასწრება სთხოვეს. კონკრეტულად, რაზე უნდა შეამოწმონ ლეპტოპი, რომელიც გამოძიებას უკვე შესწავლილი აქვს, ოჯახისა და ადვოკატისთვის გაუგებარია. მიხეილ რამიშვილს ჯერ არც იმ მაღალჩინოსნების ვინაობა დაუსახელებია, ვისი ვინაობაც, მისი მტკიცებით, ბაჩალიაშვილის საქმეში იკვეთება. 

არსებული ინფორმაციით, დღეს უნდა უთხრან ბაჩალიაშვილის ოჯახს, თუ რა ვითარებაში მოხდა თამარის Facebook ანგარიშის გაუქმება. ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ სამხარაულის ბიურო დღესაც არ მიაწვდის მათ სწორ ინფორმაციას. ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, ისინი დაბნეულები არიან, რადგან მიდიან საგამოძიებო ორგანოებში, "ერთსა და იგივე ზღაპრებს გვიყვებიან და მოვდივართ უკან".  

დაღუპულის მამა დარწმუნებულია, რომ ამ საქმის ჩამდენებს მთავრობის მაღალჩინოსნები აფარებენ ხელს. 

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

კომპანია ZAG-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ოჯახი გამოძიებაში FBI-ს ჩართვას ითხოვდა, ამ მიზნით მათ 4 აგვისტოს ამერიკის საელჩოსთან აქციაც გამართეს. შსს ოჯახის მოთხოვნას დათანხმდა და ახლა ფედერალური ბიუროსთვის ექსპერტების მოწვევის დეტალების შეთანხმება იგეგმება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი