თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა და ადვოკატმა ხელჩასაჭიდი ინფორმაცია სამხარაულის ექსპერტიზის ბოიუროში ვერც დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მიიღო.
მიხეილ რამიშვილის თქმით, პროკურატურას სოციალური ქსელების გახსნის მცდელობა ჰქონდა თუმცა, ვერც ერთი სისტემა ვერ გახსნეს.
მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, პროკურატურა გეგმავს ხელმეორედ მიმართოს სოციალურ ქსელ Facebook-ის ადმინისტრაციას შეხსენებით, რომ სრული ინფორმაცია გამოითხოვონ.
გარდა ამისა, რამიშვილის თქმით, ექსპერტიზის ბიუროსგან ვერ მიიღეს კითხვაზე პასუხი- როგორ და რა ვითარებაში გაიხსნა ბაჩალიაშვილის კომპიუტერი და როგორ გაუქმდა მისი facebook გვერდი.
"სოციალური ქსელი Facebook, Gmail, Youtube, ვერცერთ სისტემაში ვერ შევედით აბსოლუტურად. სამსახურეობრივი email-იც იყო, რომლის კოდი 7 დღის წინ იყო შეცვლილი - ვერსად ვერ შევედით...ფაილი მოიძებნა, სადაც იყო კოდირება, თუმცა მაინც ვერ იხსნება და აქედან გამომდინარე ეს ჩვენი მოთხოვნა, რომ FBI ჩაერთოს - უკვე სავალდებულოა" ამბობს მიხეილ რამიშვილი.
თამარ ბაჩალიაშვილის დედამ ბიუროდან გამოსვლის შემდეგ აღნიშნა, რომ მისთვის გაურკვეველია რა იყო დღევანდელი დაბარების იზანი, რადგან ოჯახმა კითხვებზე პასუხი ისევ ვერ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
კომპანია ZAG-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ოჯახი გამოძიებაში FBI-ს ჩართვას ითხოვდა, ამ მიზნით მათ 4 აგვისტოს ამერიკის საელჩოსთან აქციაც გამართეს. შსს ოჯახის მოთხოვნას დათანხმდა და ახლა ფედერალური ბიუროსთვის ექსპერტების მოწვევის დეტალების შეთანხმება იგეგმება.