"მედიის განვითარების ფონდი'' ტროლებისა და საჯარო მოხელეების მხრიდან ბაჩალიაშვილის ოჯახზე დისკრედიტაციაზე საუბრობს. ფონდის ხელმძღვანელის თამარ კინწურაშვილის შეფასებით, ხელისუფლება მსგავს არაერთიკურ მიდგომებს ხშირად იყენებს. მისი თქმით, გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული 23 წლის პროგრამისტის ოჯახს ლეგიტიმური კითხვები აქვს, რომელზე პასუხებსაც ასევე ლეგიტიმურად ითხოვს.
პარტიული აქტივისტების თუ ყალბი ანგარიშების მხრიდან ხდებოდა ოჯახის დისკრედიტაცია, რაც გარკვეულ წილად პრობლემურია, რადგან ამ ამ საკითხის პოლიტიზირება და ოპოზიციურ პარტიასთან დაკავშირება, როდესაც ოჯახს აქვს ლეგიტიმური კითხვები გამოძიებასთან, არაეთიკურია. აქ ჩანს დაკვეთა და განწყობა პოლიტიკური ჯგუფის, რომელიც იცავს ხელისუფლების მუნდირის ღირსებას, - ამბობს კინწურაშვილი.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
კომპანია ZAG-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ოჯახი გამოძიებაში FBI-ს ჩართვას ითხოვდა, ამ მიზნით მათ 4 აგვისტოს ამერიკის საელჩოსთან აქციაც გამართეს. შსს ოჯახის მოთხოვნას დათანხმდა და ახლა ფედერალური ბიუროსთვის ექსპერტების მოწვევის დეტალების შეთანხმება იგეგმება.