შს მინისტრის პირველი კომენტარი ბაჩალიაშვილის საქმეზე - შსს FBI-ს ჩართულობაზე უკან იხევს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩალიაშვილის საქმის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს. გამოძიებაში FBI-ს ჩართვასთან დაკავშირებით გომელაური ამბობს, რომ ეს ექსპერტიზაზეა დამოკიდებული. 

ვახტანგ გომელაურის პირველი განცხადება ბაჩალიაშვილის საქმეზე სარეკორდოდ მოკლე იყო: თუ საჭიროება იქნება ჩაერთვება, ექსპერტიზის მიმართულებით, სავარაუდოდ, თუ დაგვჭირდება, თუმცა ჯერჯერობით გამომძიებლები მიდიან, მუშაობენ, - თქვა მან.  

შს მინისტრის საპასუხოდ დაღუპულის დედა თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ დღეს, როდესაც იგი სამინისტროში მივა, აუცილებლად დააყენებს ფედერალური ბიუროს ექსპერტების ჩამოყვანის საკითხს, ვინაიდან პროკურატურისგან მათ ამის შესახებ დასტური აქვთ. 

გაუგებარია გომელაურის ასეთი განცხადება, რადგან ჩვენ შოთაძისგან მივიღეთ გარანტია, რომ უკვე გაგზავნილია წერილი FBI-ს ჩართულობაზე. 100%-ით ვარ დარწმუნებული, ექსპერტიზაზე იტყვიან, რომ თვითმკვლელობაა და თვითმკვლელობაზე FBI-ს ჩართულობა არაა საჭირო. სასტიკად არ უნდა FBI-ს ჩართულობა, ეს მიუთითებს, რომ მაგათი ხელი ურევია ამაში ყველაფერში, - ამბობს თამაზაშვილი.

ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ პროკურატურამ აჩვენა მათ სათანადო დოკუმენტები FBI-ს ექსპერტების მოწვევისთვის. 

და ახლა რატომ იცვლება ეს დამოკიდებულება, ჩემთვის კიდევ ორმაგად და ასმაგად საეჭვოა, - ამბობს ადვოკატი.  

დღეს შსს-ში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს და ადვოკატს დაღუპულის ლეპტოპიდან ამოღებულ მასალებს გააცნობენ. ექსპერტიზის პასუხების ნახვის შემდეგ ოჯახი არ გამორიცხავს, რომ გენერალურ პროკურორთან ხელახლა შეხვედრა მოითხოვონ. 

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

კომპანია ZAG-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ოჯახი გამოძიებაში FBI-ს ჩართვას ითხოვდა, ამ მიზნით მათ 4 აგვისტოს ამერიკის საელჩოსთან აქციაც გამართეს. შსს ოჯახის მოთხოვნას დათანხმდა და ახლა ფედერალური ბიუროსთვის ექსპერტების მოწვევის დეტალების შეთანხმება იგეგმება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი