ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს ქლევერლი ამბობს, რომ რუსეთი შავ ზღვაში, შესაძლოა სამოქალაქო გემებს დაესხას თავს, რათა ხელი შეუშალოს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს. მისი თქმით, საკითხს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ.
"დიდ ბრიტანეთს მიაჩნია, რომ რუსეთმა შესაძლოა გააძლიეროს კამპანია უკრაინული სურსათის ექსპორტის განადგურების მიზნით შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმით. ჩვენ ხაზს გავუსვამთ ამ არაკეთილსინდისიერ ქცევას გაეროს უშიშროების საბჭოში. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს გლობალური საკვების მარაგის მძევლად აყვანა და დაუბრუნდეს შეთანხმებას", - დაწერა მან.
რუსეთმა გასულ კვირას დატოვა "მარცვლეულის შეთანხმება", რომელიც რუსეთ-უკრაინას შორის, გაეროსა და თურქეთის შუამავლობით 2022 წლის 22 ივლისს სტამბოლში დაიდო. ის უკრაინიდან ხორბლისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტს ითვალისწინებდა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო აფრიკასა და აზიის ქვეყნების ხორბლით მომარაგებისთვის.