ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ევროკავშირს გაფართოებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ გაერთიანება ახალი წევრების მისაღებად მზად უნდა იყოს. ამის შესახებ მან საერთაშორისო სტრატეგიულ ფორუმზე განაცხადა.
მიშელის თქმით, ევროკავშირმა "უნდა დაისახოს მკაფიო მიზანი, რომ 2030 წლის გაფართოებისთვის მზად იყოს".
''ჩვენ ახლა უნდა განვიხილოთ ევროკავშირის გაფართოება, როგორც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, როგორც ევროკავშირისთვის, ასევე მისი მომავალი წევრებისთვის. ეს განაცხადი ამბიციურია, თუმცა აუცილებელი. ეს აჩვენებს, რომ ჩვენ სერიოზულები ვართ და შესაძლებლობების ფანჯარა ღიაა. ჩვენ ამით უნდა ვისარგებლოთ", - აცხადებს მიშელი.
მანამდე კი, უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპულ და აევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, სტეფანიშინმა განაცხადა, რომ უკრაინა ევროკომისიის შვიდივე კრიტერიუმს 100%-ით ვერ შეასრულებს, მაგრამ გაწევრიანების მოლაპარაკებები მაინც დაიწყება. მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ბოლო ვადა მიმდინარე წლის დეკემბერი იქნება.
შეგახსენებთ, ივნისის ბოლოს ევროკომისიამ წარმოადგინა ზეპირი შეფასება, სადაც უკრაინის ევროკავშირში პროგრესის შესახებაა ლაპარაკი. ევროკომისა თვლის, რომ უკრაინამ შვიდი პირობიდან ორი შეასრულა, დანარჩენებზე კი პროგრესია მიღწეული. მედიის ინფორმაციით, ევროკომისიის ანგარიში უკრაინის შესახებ ზოგადად პოზიტიურია და მის დახმარებას ისახავს მიზნად.
ცნობისთვის, ევროპის ეკონომიკურმა და სოციალურმა კომიტეტმა უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდამჭერი რეზოლუცია, მიმდინარე წლის 16 ივნისს მიიღო.