შეერთებული შტატები უკრაინას სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს პირველად გადასცემს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ჩვენ პირველად გადავცემთ უკრაინას სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს, რაც უკრაინელ ვეტერანებს მოხმარდება. მათ, ვინც შესაძლებელი გახადეს პუტინის აგრესიული ომი, უნდა გადაიხადონ საფასური", - განაცხადა ბლინკენმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, საუბარია 5,4 მლრდ დოლარზე, რაც ვეტერანების რეინტეგრაციასა და რეაბილიტაციას მოხმარდება.
6 სექტემბერს პენტაგონმაც გამოაცხადა 175 მლნ დოლარის დახმარების შესახებ. საუბარია საჰაერო თავდაცვის სისტემის კომპონენტებზე, HIMARS-ის რაკეტებზე, საბრძოლო მასალისა და საკომუნიკაციო სისტემებზე.
100 მლნ დოლარი მოხმარდება უკრაინის გრძელვადიან სამხედრო საჭიროებებს. 90,5 მლნ დოლარი დაიხარჯება ტერიტორიების განაღმვაზე. 300 მლნ დოლარი - ძალოვანი სტრუქტურების მხარდაჭერაზე, რათა შეინარჩუნონ წესრიგი გათავისუფლებულ ტერიტორიებზე.
206 მლნ დახმარება გამოიყოფა ჰუმანიტარული მიზნებისთვის, მათ შორის საკვების, წყლისა და თავშესაფრის უზრუნველყოფისთვის როგორც უკრაინაში დევნილებისთვის, ასევე საზღვარგარეთ მყოფი ლტოლვილებისთვის.
203 მლნ დოლარი მოხმარდება გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებას, კორუფციის აღმოსაფხვრელად საჭირო რეფორმების გატარებას, კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების წინააღმდეგ და რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიებას.