დღეს, 18 სექტემბერს ჰააგის სასამართლოში დაიწყო მოსმენა საქმეზე უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ, სადაც კიევი ამტკიცებს, რომ რუსეთმა ბოროტად გამოიყენა გენოციდის კონვენციის დებულებები გაუმართლებელი სამხედრო შეჭრის დასაწყებად.
რუსეთი სასამართლოსგან უკრაინის საჩივრის დაუშვებლად უარყოფას ითხოვს. კრემლი ამტკიცებს, რომ რუსეთმა დაიწყო ომი "გაეროს წესდების 51-ე მუხლის მიხედვით თავდაცვის მიზნით და ამას არანაირი კავშირი არ აქვს გენოციდის კონვენციასთან".
რუსეთის წარმომადგენელმა დღევანდელ სხდომაზე საქართველოც ახსენა. კრემლი ამჯერადაც ამტკიცებს, რომ საქართველო 2008 წელს ცდილობდა კონტროლის აღდგენას ორ სეპარატისტულ რეგიონზე ძალის გამოყენებით.
"ჯერ ერთი, საყოველთაოდ ცნობილია, რომ რუსებმა სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო გაეროს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც ინდივიდუალურ და კოლექტიურ თავდაცვას გულისხმობს. ამ უფლებას საერთოდ არანაირი კავშირი არა აქვს გენოციდის კონვენციასთან. [...]
სინამდვილეში, როგორც ჩანს, უკრაინის მიერ ამ საკითხის სასამართლომდე მოტანის საბაბი არის რუსეთის მიერ გენოციდის ხსენება, როდესაც საუბარია უკრაინის მიერ დონბასის რეგიონში განხორციელებულ ქმედებებზე გასული 9 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც უკრაინას სათავეში ჩაუდგა ნეონაცისტური რეჟიმი, 2014 წელს ძალადობრივი გზით დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ჩამოგდების შემდეგ.
გარდა ამისა, 2014 წელს კიევმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო დონბასის წინააღმდეგ, სადაც ახშობს ნებისმიერ საპირისპირო აზრს და აღვივებს სიძულვილს ეთნიკური რუსების წინააღმდეგ. კიევის ამჟამინდელი რეჟიმი ადიდებს ნაცისტ კრიმინალებს, იყენებს ნაცისტურ სიმბოლიკას და არ კრძალავს ნეონაცისტურ ჯგუფებს. სამაგიეროდ, კიევის რეჟიმი კრძალავს რუსულ ენას და დევნის მას საჯარო ცხოვრების ყველა სფეროდან. [...]
უკრაინის მსგავსად, საქართველოც ცდილობდა კონტროლის აღდგენას ორ სეპარატისტულ რეგიონზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ძალის გამოყენებით, რითაც დაარღვია გაეროს შუამავლობით მიღწეული შეთანხმება და რუს მშვიდობისმყოფელებსაც კი დაესხა თავს. საქართველომაც, უკრაინის მსგავსად, სცადა შეენიღბა ეს ყველაფერი იმით, თითქოს რუსეთი დაესხა მათ ქვეყანას თავს და სასამართლოში შეიტანა სარჩელი", - თქვა რუსეთის წარმომადგენელმა, გენადი კუზმინმა.
უკრაინა თავის სამართლებრივ პოზიციას 19 სექტემბერს წარადგენს.