Politico წერს, რომ ევროკავშირი ემზადება უკრაინასთან მოლაპარაკებების დასაწყებად ბლოკში მის მომავალ გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადებით, რომელიც მოსალოდნელია დეკემბერში.
გამოცემას სამი დიპლომატი ეუბნება, რომ ლიდერები ემზადებიან, რომ კიევს მწვანე შუქი მისცენ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების დასაწყებად წლის ბოლომდე.
ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ ნოემბერში ევროკომისია გამოაქვეყნებს ანგარიშს იმის შესახებ, თუ რამდენად აკმაყოფილებენ უკრაინა და გაწევრიანების სხვა მსურველი ქვეყნები პირობებს.
ერთ-ერთი დიპლომატი გამოცემას ეუბნება, რომ ანგარიშის შემდეგ ევროკომისია გააკეთებს განცხადებას, რის შემდეგაც "ძალიან გაუჭირდება წევრ ქვეყნებს არ თქვან: დავიწყოთ მოლაპარაკებები" უკრაინასთან გაწევრიანებაზე.
"პოლიტიკური ბიძგი უბრალოდ ძალიან დიდი იქნება ცალკეული წევრი სახელმწიფოებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის. სამუშაო ვარაუდი ნამდვილად არის, რომ დეკემბრისთვის ევროსაბჭო გადაწყვეტს მოლაპარაკებების დაწყებას", - ამბობს ერთ-ერთი წყარო.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას შესაძლოა 7-დან ყველა პირობა შესრულებული არ ჰქონდეს დეკემბრის შუა რიცხვებისთვის, როცა ევროპელი ლიდრები სამიტზე შეიკრიბებიან, ისინი აპირებენ გააკეთონ პოლიტიკური განცხადება, რომელიც მოლაპარაკებების დაწყების საშუალება იქნება.
"მიზანია დეკემბერში პოლიტიკური შეთანხმება მოლაპარაკებების დაწყებაზე", - თქვა მეორე დიპლომატმა და დასძინა, რომ უკრაინის მიღების შესახებ კანონიერი გადაწყვეტილება შეიძლება 2024 წლის დასაწყისში მოხდეს.
მესამე დიპლომატმა თქვა, რომ ლიდერები დეკემბერში უკრაინის მომავალ წევრობაზე "დადებით სიგნალს გაუგზავნიან".
კითხვაზე, რამდენად შორს წავიდა უკრაინა შვიდი კრიტერიუმის შესრულების კუთხით, ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ პროგრესი გამამხნევებელია და მხოლოდ ერთი სფერო, რომელიც ეხება უმცირესობებს, მოკლევადიან პერიოდში პრობლემური ჩანდა.