პროკურორი დავით ყაზარაშვილი ამბობს, რომ სიცრუის დეტექტორი სამართლებრივად საქართველოში არ არსებობს. მისივე თქმით, დაცვის მხარეს თუ თვლის, რომ ეს არის საპროცესო მოქმედება შეუძლიათ თავად ჩაატარონ ნებისმიერი მოქმედება.
სიცრუის დეტექტორი სამართლებრივად საქართველოში არ არსებობს, ის არ გამოყენებულა, როგორც საპროცესო მოქმედება და „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“ ასეთს არ იცნობს... თუ თვლიან, რომ ეს არის საპროცესო მოქმედება შეუძლიათ თავად ჩაატარონ ნებისმიერი მოქმედება, რომელიც მოესურვებათ - ამბობს დავით ყაზარაშვილი
ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულოწლოვნის ზ,ხ-ს მამა, თამაზ ხომასურიძე ბრალდებულების სიცრუის დეტექტორზე დაკითხვას ითხოვს. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხევაში თამაზ ხომასურიძე, სუიციდით იმუქრება.
18 აგვისტოს არასრულწლოვანი ზ.ხ-ს მამამ და ბებიამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყეს. დღეს, 20 აგვისტოს ზ.ხს-ს ბებია ცუდად გახდა. პროტესტის უკიდურეს ფორმას სამმა არასრულწლოვანმაც მიმართა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 20 აგვისტოს მცხეთის სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების ეპიზოდზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესის მიმდინარეობისას ზ.ხ-ს დედა შეუძლოდ გახდა.
მომდევნო სასამართლო სხდომა კი ხვალ, 21 აგვისტოს დილის 11 საათზე ჩაინიშნა.
ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე 6 დაკავებულს, მათ შორის, ორ არასრულწლოვანს ბრალი 11 აგვისტოს დაუმძიმდა. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრეს. საგამოძიებო უწყებამ სპეციალური ვიდეორეკონსტრუქციაც გაავრცელა.
პროკურატურის ვერსიას ენდობა შაქარაშვილის ოჯახი. მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ მათ პრეტენზიები კითხვები გამოძიებასთან არ აქვთ და ამბობს, რომ პროკურატურამ დანაშაული გახსნა.
19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.