
პარასკევს ბელორუსმა ოპოზიციონერმა ლიდერმა, პოლიტიკოსმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მოუწოდა თავის მომხრეებს და საწარმოების მუშებს ქვეყნის მასშტაბით, რომ გაფიცვები გააგრძელონ. მისი თქმით, ხალხმა პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ამ ფორმით უნდა აიძულოს, რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდეს.
მე გთხოვთ - გააგრძელეთ და გააფართოვეთ გაფიცვები. არ მოტყუვდეთ დაშინებებით, - თქვა მან მორიგ ვიდეომიმართვაში.
შეიძლება ითხვას, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბელორუსი ყველაზე დიდ პოლიტიკურ კრიზისს განიცდის. ცნობისთვის, ბელორუსში მასშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ალექსანდრ
ლუკაშენკომ თავი არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა.
ლუკაშენკოს თქმით, ახალი საპრეზიდენტო არჩევნები აღარ იქნება, ოპოზიციის მოწოდებებისა და ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების და გაფიცვების მიუხედავად.
16 აგვისტოს მინსკში მრავალათასიანი აქცია გაიმართა, რომელსაც ლუკაშენკომ კონტრაქცია დაუპირისპირა.
ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაია აცხადებს, რომ მზადაა მშვიდობიან გამოსვლებს სათავეში ჩაუდგეს.
ალექსანდრ ლუკაშენკომ მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა უცხოელ აგენტებს დააკისრა და მოლაპარაკებები რუსეთთან დაიწყო. კრემლმა მზადყოფნა გამოხატა, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელორუსს "დაეხმაროს".
ლუკაშენკოს ქმედებებს მკაცრად აკრიტიკებს მსოფლიო. აშშ-მ ბელორუსში ჩატარებული არჩევნები შეაფასა, როგორც არადემოკრატიული, ხოლო მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერები ლუკაშენკოს ძალაუფლების დათმობისკენ მოუწოდებენ. ბელორუსს სანქციებს უწესებს ევროკავშირიც.