ბელარუსში საპროტესტო აქციები გრძელდება, ხელისუფლება კი ხალხს რეპრესიებით ებრძვის. დღეს მინსკში კიდევ ორი ოპოზიციონერი დააკავეს. მათ ბრალად არასანქცირებული მასობრივი აქციის მოწყობა წაუყენეს. ამის პარალელურად ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბელარუსის ელჩი დაიბარეს და ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევისთვის საპროტესტო ნოტა გადასცეს. თავად ალექსანდრე ლუკაშენკო დღეს არსად გამოჩენილა და მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსში ოპოზიციონერების დაკავება დაიწყო. არასანქცირებული მასობრივი ღონისძიების ორგანიზებისთვის დაპატიმრებულები არიან საპრეზიდენტო კანდიდატ სვეტლანა ტიხანოვსკაიას რწმუნებული პირი ოლგა კოვალკოვა და საგაფიცვო კომიტეტის წარმომადგენელი სერგეი დილევსკი. მათი დაკავების კადრები დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა.
დღეს ბელარუსის ხელისუფლება დიპლომატიურ სკანდალშიც გაეხვა. როგორც ირკვევა, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენმა ლიეტუვის საჰაერო სივრცე დაარღვია, რისთვისაც ოფიციალურმა ვილნიუსმა ბელარუსის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა.
თავად ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი დღეს საერთოდ არ გამოჩენილა და მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ბოლოს ის სპეცრაზმელების გარემოცვაში დაინახეს, როდესაც მინსკის ქუჩებში ჯავშანჟილეტითა და ხელში კალაშნიკოვის ავტომატით მოძრაობდა. მოგვიანებით კი თავის ვაჟთან ერთად ვერტმფრენით ქალაქის ცენტრს გადაუფრინა და ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ დემონსტრანტებს ვირთხები უწოდა.
კვირას, 23 აგვისტოს, მინსკში მასობრივი სამშვიდობო მსვლელობა გაიმართა. აქციაზე სახელწოდებით „ახალი ბელარუსის მარში“ ათიათასობით ადამიანი გამოვიდა და ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარება მოითხოვა. ლუკაშენკოს ხელისუფლება ამ მოთხოვნის შესრულებას ისევ არ აპირებს და დემონსტრაციებს დასავლეთის მიერ შედგენილ გეგმად მიიჩნევს.
ბელარუსში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყანაში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. 1994 წლიდან უცვლელმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, 26-წლიანი მმართველობის შემდეგ, კენჭი მეექვსედ იყარა და თავი ამჯერადაც გამარჯვებულად გამოაცხადა.
დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესიც. ხმის მიცემის დროს მინსკის პოლიციამ ოპოზიციის რამდენიმე მხარდამჭერი დააკავა. ოპოზიციამ მიმდინარე პროცესები მაშინვე გააპროტესტა და მთავრობა ადამიანის უფლებების დარღვევასა და ხელისუფლების უზურპაციაში დაადანაშაულა.
შედეგების გასაჯაროების შემდეგ უკმაყოფილო მოსახლეობა ქუჩაში უკვე მასობრივად გამოვიდა და ლუკაშენკოს მთავრობა არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. დაპირისპირება მოხდა მინსკსში, სადაც პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა. ათობით ადამიანმა მძიმე დაზიანება მიიღო. დააკავეს 200-მდე დემონსტრანტი.