თეონა ყურუა ნორვეგიაში მცხოვრები ქართველია, რომელსაც თამარ ბაჩალიაშვილი პოლიტიკურ თავშესაფართან დაკავშირებულ საკითხზე სოციალურ ქსელში დაუკავშირდა. ყურუამ ამის შესახებ პირველად 16 აგვისტოს "მთავარი არხის" ეთერში გადაცემა "მთავარ აქცენტებში", ნიკა გვარამიასთან ინტერვიუს დროს ისაუბრა. გადაცემაში მან დეტალურად და ქრონოლოგიურად გაიხსენა ბაჩალიაშვილთან კომუნიკაცია და აღნიშნა, რომ ქალისაქართველოდან წასვლას გეგმავდა.
აღნიშნული ინტერვიუს შემდეგ ყურუა დღეს ყოველდღიურ ზეწოლაზე საუბრობს: "ტელეფონზე დამირეკეს და უწმაწური სიტყვები მითხრეს. დამემუქრნენ და შემახსენეს, რომ ჩემი ოჯახის წევრები საქართველოში ცხოვრობენ".
მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მობილური ტელეფონის ნომერი სულ რამდენიმე დღეა შეცვალა და ის ჯერ ნათესავებმაც კი არ იციან. ყურუასთვის გაუგებარია, საიდან აქვთ მისი ნომერი იმ ადამიანებს, რომლებიც მასზე ზეწოლას ახორციელებენ.
გადაცემაში "დღის სტუმარი" ყურუა იხსენებს ონლაინ-დაკითხვასაც, რომელიც პროკურატურასთან რამდენიმე დღის წინ ჰქონდა. როგორც ირკვევა, პროკურატურამ გააფრთხილა, რომ ოჯახსა და ნაცნობებთან ბაჩალიაშვილთან ურთიერთობის დეტალებზე არ ესაუბრა.
შეგახენებთ, რომ როგორც თეონა ყურუა ამბობს, თამარ ბაჩალიაშვილი პოლიტიკური თავშესაფრით ჯერ კიდევ 2020 წლის დასაწყისში იყო დაინტერესებული. მისივე თქმით, თამარ ბაჩალიაშვილთან კონტაქტის შემდეგ, მის სოციალურ ქსელზე კიბერშეტვა განხორციელდა.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
კომპანია "ZAG"-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.