"შავნაბადას" სპეცრაზმის მეთაურის კვალი თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის საქმეში - იყო თუ არა ჩართული ახალგაზრდა პროგრამისტის ლიკვიდაციის ოპერაციაში ზვიად ხარაზიშვილის დაჯგუფება.
ოპერატიული მონაცემები, სამეთვალყურეო კამერების კადრები და "მთავარი არხის" წყაროები ადასტურებენ, რომ ავტომობილები, რომლებიც დაღუპვის დღეს, სავარაუდოდ, თამარ ბაჩალიაშვილს უთვალთვალებდნენ, "შავნაბადას" სპეცრაზმის მეთაურის გარემოცვას ეკუთვნის.
ბურუსით მოცული გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგაც სისტემა დუმს. გამოძიება თვეზე მეტია ერთადერთ ვერსიაზე მუშაობს. უწყებები ერთმანეთის მიყოლებით ცდილობენ, მშობლებს შვილის თვითმკვლელობა დააჯერონ, თუმცა შვილმკვდარი დედა 18 ივლისიდან დღემდე ცდილობს დაამტკიცოს, რომ ახალგაზრდა პროგრამისტი სახლიდან ჯერ გაიტყუეს, შემდეგ კი სასტიკად მოკლეს.
სისხლის სამართლის საქმეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიული ნომრებით 3 ავტომობილი ფიგურირებს. "მთავარმა არხმა" გაარკვია, რომ ბაჩალიაშვილის საქმეში შესაძლოა იკვეთებოდეს სისხლიანი დავალებების მთავარი შემსრულებლის, "შავნაბადას" სპეცდანიშნულების რაზმის მეთაურის ხარებას იგივე ზვიად ხარაზიშვილის მონაწილეობაც. პირველად ამ დეტალებზე "მთავარ აქცენტებში" ნიკა გვარამიამ ისაუბრა.
ვინ არის "ხარება" და რა კავშირი აქვს მას გახმაურებულ საქმეებთან - ზვიად ხარაზიშვილს ხელისუფლება შავი საქმეებისა და ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის ხშირად იყენებს. აფგან მუხთარლის გატაცება, ეროსი კიწმარიშვილის საქმე და 20 ივნისის სისხლიანი აქციის დარბევა - ეს იმ დავალებების არასრული ჩამონათვალია, რომელიც მის სახელს უკავშირდება.
დაღუპული პროგრამისტის საქმეში კიდევ ერთი ოპერატიული მანქანა ფიგურირებს, რომელიც ბაჩალიაშვილის სახლთან, მის გაუჩინარებამდე, რამდენიმე დღით ადრე დააფიქსირეს. ნომერი ბაზაში არ იძებნება.
ავტომანქანების გადაადგილების ტრაექტორიის მხოლოდ ერთი ფრაგმენტი ჩანს - სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში, ადვოკატი და ოჯახი უსაფრთხოების სამსახურისგან, ოპერატიული ავტომობილების მარშრუტის სრულ შესწავლასა და შესაბამისი ვიდეომასალის გასაჯაროებას წამების სიზუსტით მოითხოვენ.
პროგრამისტის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, ოჯახს არცერთ კითხვაზე პასუხი არ აქვს. არ არსებობს არცერთი ექსპერტიზის დასკვნა რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზს დაადგენს. რატომ ჭიანურდება გამოძიება - ბაჩალიაშვილები ხელისუფლებას სრულ უნდობლობას უცხადებენ.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
კომპანია "ZAG"-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.