დეას ჰქონდა არამეგობრული ურთიერთობა თამართან და ეს არის საქმის გასაღები - ბაჩანა ლობჟანიძე

გამოქვეყნდა:

ბუნდოვან ვითარებაში დაღუპული 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საგამოძიებო უწყება მოქმედებას განაგრძობს. გუშინ თბილისის პროკურატურაში იმყოფებოდნენ დაღუპულის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი, და საქმესთან დაახლოებული პირი - ბაჩანა ლობჟანიძე. 

ლობჟანიძის მტკიცებით, გამოძიებას მან  იმ ადამიანების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც ახალგაზრდა პროგრამისტის საქმეზე პირადად დაუკავშირდნენ. გარდა ამისა, ბაჩანა ლობჟანიძემ გამოკითხვის შემდეგ კიდევ ერთხელ ისაუბრა თამარ ბაჩალიაშვილის მეგობრის, დეა კაპანაძის შესახებ.

დეას ჰქონდა არამეგობრული ურთიერთობა თამართან და ეს არის 18 ივლისიდან მოყოლებული მოვლენების გასაღები - ამბობს ლობაჟანიძე. 

რაც შეეხება ადვოკატის კომენტარს, თბილისის პროკურატურის დატოვების შემდეგ, მიხეილ რამიშვილი ირწმუნება, რომ აღნიშნულ საქმეში თვითმკვლელობის ვერსია ძალაში ვერ დარჩება, რადგან, ეს მკვლელობაა. 

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

კომპანია "ZAG"-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი