ბუნდოვან ვითარებაში დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საპროტესტო აქციას აანონსებს. აქცია კვირას, 30 აგვისტოს 14:00 საათზე, ორთაჭალაში, პროკურატურის შენობასთან გაიმართება.
თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის თქმით, გამოძიება ჭიანურდება და 41 დღის შემდეგაც არ აქვს ოჯახს პასუხი, თუ რა ვითარებაში დაიღუპა მათი შვილი: "ჭიანურდება გამოძიება, დავანახებთ ჩვენს ძალას, რომ არჩევნებამდე არ გაიწელოს ეს ყველაფერი".
მანამდე კი, თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ იდენტიფიცირებულია ის რამდენიმე ავტომობილი, რომელიც ბაჩალიაშვილს სახლიდან გასვლის შემდეგ მიჰყვებოდნენ.
საგამძიებო უწყება ადასტურებს, რომ სამივე ავტომობილი, უსაფრთხოების სამსახურის ბალანსზეა, თუმცა ადევნების ვერსიაას უარყოფს და აცხდებს, რომ ავტომანქანები, "შავნაბადას" ბაზისკენ გაჩიანიდან მიდიოდნენ.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
კომპანია "ZAG"-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.