თეა წულუკიანის გადაწყვეტილებას, რომ ქალი ინვიტრო განაყოფიერებას ქორწინებიდან 1 წლის გასვლამდე ვერ შეძლებს, ოპოზიციაში ეხმაურებიან. პოლიტიკოსები იუსტიციის მინისტრის ინიციატივას ერთხმად უარყოფენ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა წულუკიანის გადაწყვეტილებას კატასტროფულს უწოდებს. ამბობს, რომ მათი პარტია ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს გადაწყვეტილება კანონად არ იქცეს.
ეს არის კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელსაც დიდი იმედი მაქვს, რომ "ქართული ოცნება" არჩევნებამდე ვეღარ მოასწრებს. სიბნელისკენ მიაქანებენ ქვეყანას და უკვე დედობის უფლებაშიც კი ერევიან წულუკიანის ხელით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ გადაწყვეტილების კანონად ქცევა არ მოხდეს, - ამბობს ბოკუჩავა.
"ევროპული საქართველოს" წევრის, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენილი ელენე ხოშტარიას მოსაზრებით კი იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია.
დაუჯერებელი და წარმოუდგენელია, რომ სახელმწიფო ბედავს ადამიანის პირად ცხოვრებაში ამ ფორმით ჩარევას. პირველ რიგში, ეს არის სრულიად არაკონსტიტუციური, უბრალოდ ამის უფლება არავის აქვს. მეორე, ეს არის არაადამიანური. თეა წულუკიანის განცხადება, რომ ვინმეს განუსაზღვროს ვინმეს როდის რა ფორმით, ვისთან კავშირში გააჩინოს ბავშვი, ჩრდილოეთ კორეის სტანდარტსაც კი სცდება, - თქვა ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 26 აგვისტოს, იუსტიციის მინისტრმა ახალ ბრძანებას მოაწერა ხელი. თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, თუ ქორწინებიდან 1 წელი არ არის გასული, ქალი ინვიტრო განაყოფიერებას ვეღარ შეძლებს. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესში ცვლილებები 2020 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.
წულუკიანის გადაწყვეტილებას უმწვავესი რეაქცია მოჰყვა ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან. ისინი ფიქრობენ, რომ აღნიშნული წესი დისკრიმინაციულია, რადგან ინიციატივა მარტოხელა მშობლებს ბავშვის ყოლას უკრძალავს და არა იმ ოჯახებს, რომლებიც წყვილად ითვლებიან, თუმცა ერთად არ ცხოვრობენ.
კრიტიკის შემდეგ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ინვიტრო განაყოფიერების შესახებ ინიციატივას ახლებურად განმარტავს და ამბობს, რომ კანონში შესატანი შეზღუდვები მხოლოდ სუროგაციას ეხება.
ცნობისთვის, ხელოვნური განაყოფიერებით გაჩენილ ბავშვებზე, საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წლის საშობაო ეპისტოლეში ისაუბრა. ამბობს, რომ ხელოვნური განაყოფიერებით გაჩენილი ბავშვები პრობლემატურები იქნებიან. "პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა".